გუშინ, ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ „Corriere dello Sport” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგი წერილი გამოაქვეყნა.
„ბოლოს, როდესაც კვარაცხელიამ ითამაშა, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში დაშავდა, რის გამოც მას სამი თამაშის გამოტოვება მოუწია, ამას შესვენება მოჰყვა, სპალეტი კი მისი მისამართით სიფრთხილეს იჩენდა.
ახლა უკვე კვარაცხელიას მაგია ბრუნდება. „ნაპოლის“ კვარა აქ სჭირდება. ბრწყინვალე ინტუიცია, დიდებული შეხება, ასისტებით და გიგანტური ტალანტით, აღმოჩენილი საქართველოში, რომელშიც მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და რომელიც მაშინვე გახდა ფენომენი. „ნაპოლის“ სიამოვნებას ანიჭებს და ამის დათმობა არ შეიძლება“. – დაწერა იტალიურმა გამოცემამ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ინგლისურ „ნიუკასლს“ სურს და ამ სატრანსფერო გარიგებისათვის 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს გამზადებული.
მოგვიანებით ბრიტანელებს პასუხი „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გასცა და განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი ქართველი მოთამაშის გაყიდვას კატეგორიულად არ აპირებს.
გუშინ, ამავე თემაზე ბრიტანულ მასმედიაში ახალმა მოსაზრებებმა გაიჟღერა.
გამოცემა „TheHardTackle“-ს მტკიცებით, კვარაცხელიას ყიდვით „ლივერპული“ და „მანჩსტერ იუნაიტედი“ სერიოზულად დაინტერესდნენ. პირველს ქართველი, მომავალში მოჰამედ სალაჰის შემცვლელად სურს, მეორეს კი უნდა კვარაცხელიათი გუნდიდან წასული ქრიშტიანო რონალდუ შეცვალოს. ჰორიზონტზე მოჩანს ლონდონის „ჩელსიც“.
ბრიტანული გამოცემის აზრით, თუ მიმდინარე სეზონში ნეაპოლური გუნდი იტალიის ჩემპიონის წოდებას მოიპოვებს, მომავალი წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 115 მილიონი ევრო გახდება.
მეორე ბრიტანული გამოცემა „90min“ ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას შეძენა „ლივერპულს“ უკვე 2023 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.
იტალიის საკალათბურთო „სერია A“–ს მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდა და იმარჯვა – 89:77.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა თორნიკე შენგელიამ 25 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ კი კვიპროსის ჩემპიონატის „ყველა ვარსკვლავთა“ მატჩში ითამაშა და ერთ–ერთი გამორჩეულიც იყო. დუდა სანაძე კლუბი „ანორთოსისის“ წევრია.
კვიპროსული „ოლ სტარი“ არასტანდარტული ფორმატით გაიმართა. კალათბურთელებმა ოთხი ხუთწუთიანი მეოთხედი ჩაატარეს და ვინაიდან სათამაში დრო ყველას უნდა რგებოდა, სანაძემ მოედანზე მხოლოდ 08:29 წუთი გაატარა და ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. საერთო ჯამში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა.
გუშინ, ცნობილი გახდა რომ ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება.
59 წლის სპეციალისტმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და ის პორტუგალიის ნაკრებს მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩაიბარებს, მანამდე კი გუნდს დროებითი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
სავარაუდოდ, ჟოზე ორივე „სამსახურში“ იმუშავებს და იტალიური „რომას“ თავკაცადაც დარჩება.
ავტორი