პოლიტიკის ექსპერტი, სოსო ცინცაძე საუბრობს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევის წესი რამდენად შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მწვავე დავის საგანი მმართველ გუნდსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის. როგორც ცინცაძე გვეუბნება, გიორგი მარგველაშვილი მისთვის მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და პოსტზე ისეთ კანდიდატს დაასახელებს, რომელიც, შესაძლოა, მმართველი გუნდისთვის სულაც იყოს მოსაწონი. ექსპერტი სახელისუფლებო რგოლებს შორის მწვავე დაპირიპირების შანსს არ გამორიცხავს.
,,თუკი იქნება თეორიული საბაბი მაინც წინააღმდეგობისა, რასაკვირველია, წინააღმდეგობა რეალობად იქცევა. მმართველი პარტია პრეზიდენტს ნაბიჯ-ჯაბიჯ უკვეცდა არც თუ ისე დიდ უფლებებს, ამიტომ შესაძლებელია, მარგველაშვილმა შური იძიოს. პრეზიდენტი გამოიყენებს საკუთარ უფლებებს. დღეს მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს აღარაფერი აკავშირებთ. რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, მის მიმართ არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან არსებობდა ბევრი პრეტენზია. აჭარაში გზები კვლავ დანგრეულია, სანაპირო ზოლი მოუმზადებელია. სახსრები ჰქონდათ, მაგრამ პატარაძე კარგი ხელმძღვანელი ვერ გამოდგა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, ამიტომ ხელისუფლება ეცდება, თუკი რაიმე შანსი ექნება, რომ კანონმდებლობაში პატარა ხვრელები მოძებნოს და თანამდებობა არ დაუთმოს ოპოზიციას, რადგან პრეზიდენტის კანდიდატი, ფართო გაგებით, ოპოზიციის კანიდიდატი იქნება. რაც შეეხება კვირიკაშვილის კანდიდატების წმენდასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, მათ კვირიკაშილის კადრი ერჩიათ მარგველაშვილის კადრს. კვირიკაშვილის კადრი იმიტომ მოიშორეს, რომ მიეღოთ ოპოზიციის კადრი? ეს ხომ გამორიცხულია, ასე მარტივად არ მგონია იყოს საქმე“, _ გვითხრა ცინცაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პატარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.