GDI-მ კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-თან თანამშრომლობით მოამზადა საქართველოში ავტორიტარული და არალიბერალური პრაქტიკების კვლევის მეთოდოლოგია, ხოლო მასზე დაყრდნობით კვლევა – “ავტორიტარიზმის რუკა საქართველოში”.
“კვლევა აანალიზებს თუ როგორ მოიპოვა ხელისუფლებამ კონტროლი თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე, მათ შორის სასამართლოზე, პროკურატურაზე, ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე და სხვა ორგანოებზე. ხელისუფლების მიერ ამ ინსტიტუციებზე კონტროლის მოპოვება მიზნად ისახავს დემოკრატიული რეჟიმებისთვის აუცილებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმების მოშლას, რათა ხელი არ შეეშალოს ძალაუფლების ერთი ინდივიდის ხელში კონცენტრაციას.
კვლევაში გაანალიზებული არალიბერალური პრაქტიკები კი აჩვენებს, რომ ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების დამორჩილების პარალელურად ხელყოფს ინდივიდუალურ ავტონომიას და ღირსებას საზოგადოების რეჟიმზე დამოკიდებულების გასაზრდელად. აღნიშნული მიდგომა გამოიხატება ერთი მხრივ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაში, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების მასობრივ კონტროლსა და განსხვავებული აზრის დევნაში.
აღსანიშნავია, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეში პირველად შემუშავდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეჟიმის შეფასების მეთოდოლოგიური დოკუმენტი, რომელიც რეჟიმის კლასიფიკაციისთვის იყენებს ავტორიტარულ და არალიბერალურ პრაქტიკებზე დაფუძნებულ მიდგომას”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.