ლანჩხუთში „ქართული ოცების“ აქტივისტი და სკანდალური სახე ნუგზარ ცინცაძე, იგივე ცანცუა ხვალ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. პრესკონფერენციის მთავარი თემა, ცინცაძის თქმით, ლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების საკითხი იქნება. შეგახსენებთ, რომ ტუღუში 2017 წლის დეკემბერში მალთაყვის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
პრესკონფერენციამდე კი ცინცაძე აანონსებს, რომ ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც გარდაცვლილის მსაჯის თანასოფლელი და ოჯახის ახლობელია, გამოძიებას ხელს უშლის. ცინცაძე მერს საფეხბურთო მატჩების მოსყიდვაშიც სდებს ბრალს: „მან წაიყვანა ილო ტუღუში გიორგი იმნაიშვილთან ბათუმის სასტუმროში, რათა მსაჯების ფული ესესხებინა იმნაიშვილს“, -ამბობს ცინცაძე და აქვე აანონსებს, რომ ყველა იმ პირის ვინაობას გაასაჯაროებს, ვინც ამ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.
ნუგზარ ცინცაძის თქმით, ის არ აპირებს თვალების დახუჭვას და უკანონობასთან შეგუებას.
„მოსული არ იყო სარიშვილი, 60 ათასი ლარი პრემიაში გაუშვა. ვინმეს ნუ ექნება იმედი, რომ გედი ფოფხაძესავით პარტიას დავტოვებ. პარტიას დატოვებენ ის ყვარყვარეები, რომლებიც სახელს უტეხენ პარტიასაც და ხელისუფლებასაც. ჩემს გაჩუმებას და მოშორებას შეეცდებიან, მაგრამ ვერაფერს იზამენ. მე მაგათ დავამთავრებ ოთხშაბათს, ვიწყებ მათი დანაშაულების მხილებას და არ გავჩერდები, სანამ მათ არ გავუშვებ სახლში. აქამდეც მინდოდა ამდენ უკანონობაზე საუბარი, მაგრამ, რომ არ ეთქვათ, „ცანცუას“ სამსახური უნდაო, დაველოდე. ახლა სამსახურიც მაქვს, ხელფასიც, მაგრამ ამის დაკარგვის შიშით მე ვერ გავჩერდები, ვერ დავხუჭავ თვალს იმ უკანონობებზე, რაც ხდება! ადამიანებს ამათ გამო მე თავს ვერ გავალანძღვინებ _ თუ „ნაცს“ ვებრძოდი, „ოცნებას“ შემოფარებული თუ აშავებს, არ უნდა ვთქვა?! ამათთვის არ გვიბრძოლია 2012-ში. გაგიჟდები კაცი, „ნაცებს“ რომ უღალატეს, „ოცნებას“ რომ უღალატეს, ასეთი ორმაგი მოღალატეების რა იმედი გვქონდეს. ეს უნდა დამთავრდეს“, _ დასძენს ცინცაძე, რომელიც აანონსებს, რომ ვრცლად ზემოთ ნახსენებ საკითხებზე ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ლანჩხუთის მერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „გურია ნიუსი“ კომენტარისთვის ალექსანდრე სარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც, როგორც მან „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ადეკვატური პასუხის გაცემას პრესკონფერენციის გამართის შემდეგ გეგმავს.