ლანჩხუთელი მწვრთნელი უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს.
როგორც ცნობილია, ჩხაიძე უეფას სალიცენზიო კურსს გადის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. პირველი მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, შეტევის მომზადებისა და სავარჯიშო მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი, ტრადიციულად, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.
მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. მწვრთნელთა განათლების კურსი ქართული ფეხბურთი განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩხაიძე გასულ წელს ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ, იგი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.