წელს ქართული თეატრის დღე ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო დასმა პარიზულ სცენაზე სპექტაკლით აღნიშნა.
14 იანვარს ლანჩხუთელი თეატრალები და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია TAM’ART-ი პარიზის თეატრ „Darius Milhaud“-ში მაყურებლის წინაშე ერთობლივი სპექტაკლით _ „დაარქვი, რაც გინდა“, წარსდგა.
ლანჩხუთის თეატრალური დასი გასტროლით პარიზში საქართველოს საელჩოსა და ქართული თეატრალური ასოციაციის მიწვევით იმყოფება. ეს ასოციაცია 2017 წელს პარიზში 2017 წელს დაარსდა და დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონალური თეატრების გასვლას საზღვარგარეთ და მათი რეპერტუარის ფართო მაყურებლისათვის წარდგენას. აგრეთვე, ქართული პიესების გაცნობას უცხოელი მაყურებლისათვის. ასევე, ფრანგი და ქართველი არტისტების თანამშრომლობას და ერთობლივი პროდუქციის შექმნას.