გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტის ფარგლებში ლანჩხუთელთა მიერ წარდგენილმა პროექტმა „ტურისტული მარშუტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმარჯვა.
დაჯილდოება თბილისში, სასტუმრო „რუმში“ გაიმართა, სადაც აღნიშნულ პროექტში მონაწილე 23 მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულად შვიდი გამოვლინდა.
როგორც ირკვევა, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 67039.6 ლარს შეადგენს, რაშიც მუნიციპალიტეტის დასაფინანსებელია 7150 ლარი, დანარჩენს კი ლანჩხუთი გრანტის სახით მიიღებს.
პროექტის განხორციელების ადგილებია ჩოჩხათისა და აცანის ადმინისტრაციული ერთეულები, რომლის ფარგლებში ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მდინარე სუფსაზე ჯომარდობის განვითარება იგეგმება, ასევე გეგმაშია შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა, სერთიფიცირებული ინსტრუქტორების მომზადება. აცანაში, ორკარის კანიონისა და მდინარე აცაურას ხეობაში არსებული კანიონების და ჩანჩქერების ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: სავალი ბილიკების, საპიკნიკე ადგილების, ფანჩატურებისა და სავაჭრო დახლების, მარშრუტების მაჩვენებლების მოწყობა. გამოიცემა ტურისტული მარშრუტების ბუკლეტი, შეიძენენ ტურისტულ ინვენტარს.
პროექტის შედგენაში მუშაობა გაწიეს ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრმა“და მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილებამ.