ბაღდათში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სპორტის ოსტატის, თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა 2007-2008 და 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და ქალაქების ნაკრები გუნდები იყვნენ ჩართულები.
ტურნირზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდიც იყო წარმოდგენილი 12 სპორტსმენით, მწვრთნელების დავით მჟავიასა და თემურ მარშანიშვილის ხელმძღვანელობით.
დავით მჟავიას თქმით, ამ რანგის შეჯიბრებში ლანჩხუთელ მოჭიდავეთა უმრავლესობა პირველად მონაწილეობდა: „მიუხედავად იმისა, რომ მოჭიდავეთა უმრავლესობა პირველად მონაწილეობდა მსგავს ტურნირში, პირველი წრე წაუგებლად განვლეს და პირველი დღის ბოლოს 6 ჯგუფის ფინალისტი გვყავდა: ამირან ჯორბენაძე, გუგა გორგაძე, დავით ტუღუში, ამირან ცეცხლაძე, დაჩი სურმანიძე, საბა გოგუა და გიორგი იაშვილი. მათი ერთი მოგება და ვერცხლის მედალი გარანტირებული გვქონდა. აქ უკვე აშკარად იჩინა თავი გამოუცდელობამ და ყველა შეხვედრა წავაგეთ, რითაც მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლებში გადავინაცვლეთ, სადაც ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარეს თემურ ტუღუშმა და ამირან ცეცხლაძემ, რომლებმაც წმინდა გამარჯვებით მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები, დანარჩენი ოთხი კი, საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა’’.