„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლანჩხუთში ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან რვაში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, _ ამბობს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავა, თუმცა, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს იმ პერსონათა ვინაობას, ვინც ამ საარჩევნო მარათონში ჩაებმებიან.
ასკურავა, არც იმას აკონკრეტებს, თუ როგორ დაკომპლექტდა პარტიული სია და ამბობს, რომ სიის პრეზენტაცია და კანდიდატების წარდგენს პარტია ლანჩხუთში უახლოეს დღეებში გეგმავს.
„გურია ნიუსისთვის“ ცნობილია, რომ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ხუთი ნომრით კახა გუჯაბიძე იბრძოლებს, რომელიც 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხვარეთის მაჟორიტარულ ოლქში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დიდი ალბათობით, გელა რიონიძე იქნება. რიონიძე 2006-2010 წლებში იყო ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, მერე კი, გარკვეული პერიოდით, უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელობდა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულია. პარტია აქ მხარს ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელს ნონა მურვანიძეს დაუჭერს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.
რაც შეეხება პარტიული სიის, პირველ სამეულს, ჩვენი ინფორმაციით ასე გამოიყურება-კახა ასკურავა, გია გოგუაძე და ირმა მგელაძე.
ერთადერთი, რაც დაზუსტებით შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ, ისაა, რომ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატს, ლია მუხაშავრიას დაუჭერს მხარს.
[sexy_author_bio]