ლანჩხუთის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვები დაიწყო.
პროექტის მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტი 9 404 800 ლარითაა განსაზღვრული და პრიორიტეტებიც წინა წლების დარად ფაქტობრივად, უცვლელია: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი პროგრამული იქნება და მასში დეტალურადაა გაწერილი თითოეული პროგრამის აღწერა, პროგრამის მიზანი და მიღწეული შედეგი.
საფინანსო სამსახურის უფროსთან ერთად ბიუჯეტის პროექტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ ის შენიშნები გააჟღერეს, რაც მათი აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტში.
ითქვა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სკოლამდელი აღზრდისთვის გამოყოფილ თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს აღმზრდელ-პედაგოგების შრომის ანაზღაურების ფინანსურად მოწესრიგება. მუნიციპალიტეტის შემოსავლებიდან გამომდინარე უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი გეგმა და 2019 წლიდან განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთა სარგოების ზრდა.
ასევე გაიზარდოს ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურეობის ცენტრის“, დაფინანსება 300 000 ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობისას ითქვა, რომ შპს ,,ლანჩხუთს“ მომავალი წლიდან დაფინანსება უნდა გაეზარდოს, რის სანაცვლოდაც ამ სამსახურმა ცენტრალური სტადიონისა და გრიგოლეთის საწრთვნელი ბაზის პარალელურად ჩიბათის, ჯურუყვეთისა და ნიგოითის საფეხბურთო სტადიონებსაც უნდა გაუწიოს მოვლა-პატრონობა.
კომისიებში არაერთი შენიშვნა გამოითქვა სამკურნალო-საოპერაციო პროგრამების დაფინანსების მხრივაც. ასევე გაჟღერდა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელია გრეიდერისა და ერთი თვითმცლელის შეძენა, ვინაიდან მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
საკრებულოს მორიგი სხდომა 30 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული, სადაც ერთ-ერთ საკითხად სწორედ ბიუჯეტის პროექტი იქნება წარმოდგენილი.