ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო. ეს გამოვლინება ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია ამას ვაფასებ როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა, _ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ფინანსთა მინისტრმა ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა და განმარტა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა ხაზინიდან გასულ თანხებთან კავშირში არ არის.
,,ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული. ეს არის ჩემი დაკვირვება, თუმცა პროგნოზირება ამ მიმართულებით არის ძალიან უმადური საქმე და მე პროგნოზირებას არ ვაკეთებ. უბრალოდ, სტატისტიკურად შემიძლია ვთქვა თუ რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მთლიანი ფულის მასა, რაზეც იყო საუბარი, რომ ხაზინიდან გასულმა თანხებმა მოახდინა პროვოცირება, არ არის სწორი და ეს არის სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან”,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ლარიზაციის პროექტში მთავრობამ შექმნა ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლება არ მოეხდინა.
“მოსახლეობას ორი რაღაც აინტერესებს, რომ ფასები არ გაიზარდოს პროდუქციაზე და ასევე სესხის მომსახურების თანხების გაზრდა არ მოხდეს. ლარიზაციის პროექტში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლება არ მოეხდინა. ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და მიბმულია კალათზე. რაც ეხება ფასებს, ამ მიმართულებით ივლისის შემდეგ უკვე ინფლაციამ შემცირება დაიწყო და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დავუბრუნდებით”,- განაცხადა მინისტრმა.
1tv.ge