ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების მოლოდინშია. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით არ გადაგზავნია. ადვოკატები კი სასამართლოს მხრიდან განაჩენის გადმოცემას ელოდებიან.
“განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას, გაიგზავნება შეწყალების აქტი პენიტენციურში და შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.
5 დღემდე აქვს ვადა სასამართლოს, რომ გადაიგზავნოს პენიტენციურში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, იმ კვირის დასაწყისში”, – აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.
პრეზიდენტმა ლაზარეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ციხეში 9 წლით გაუშვა.