„ლიბერთი ბანკი“ ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ცხრა თანამშრომლისგან 3,5 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით ბანკმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
არსებული ინფორმაციით, თანხა ფილიალის მენეჯერმა დოკუმენტაციის გაყალბებით მიითვისა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სარჩელი მომზადების ეტაპზეა და კანონით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ლიბერთი ბანკი“.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში აღმოჩენილია დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
„ლიბერთი ბანკი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ბანკი აცხადებს, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება მომხმარებლების თანხებს“, – აცხადებენ „ლიბერთი ბანკში“.