რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიტვამ რუსეთის ფედერაციის ექსკლავის, კალინინგრადის მიმართ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა. ამის შესახებ reuters წერს
აკრძალული დამატებითი საქონელი მოიცავს: ლიტვა საკუთარი ტერიტორიის გავლით კალინინგრადში აღარ დაუშვებს ცემენტის, ხე-ტყის, ალკოჰოლისა და ალკოჰოლის შემცველი სამრეწველო ქიმიკატების შეტანას.
გასულ დღეებში კალინინგრადის გუბერნატორი ლიტვას “კრიტიკული ეკონომიკური ზომებითა” და მათ შედეგად ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსის განადგურებით ემუქრებოდა.
”ეს უზრუნველყოფს (ჩვენს) საზღვაო გადამზიდველებს და სამუშაოს მისცემს კალინინგრადის პორტებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ ევროკავშირის შეზღუდვებით,” – თქვა გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა.
18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.
ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.
20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.
ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ვილნიუსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, როგორც აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი “დერეფანი” არ იქნება.