26 იანვარს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაიმართება.
წინა, 2020 წლის არჩევნები მასობრივი პროტესტისა და ყველაზე მასობრივი რეპრესიების ფონზე წარიმართა.
2020 წლიდან მოყოლებული ბელორუსში დააპატიმრეს, სცემეს, დააჯარიმეს, მიუსაჯეს, სამსახურიდან გააგდეს ათი ათასობით ადამიანი, ასი ათასობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.
არჩევნების დღედ 26 იანვარი ჩაინიშნა. უცხოეთში მყოფი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო კომისიების წევრთა 97 პროცენტი ადრე უკვე მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში.
გარდა ამისა, არჩევნებს ვერ დააკვირდება ვერც ერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, კენჭს ვერ იყრის ოპოზიციის ვერც ერთი კანდიდატი, არ გაიხსნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ _ უცხოეთში მცხოვრებ ბელორუსებს მოუწოდეს, ხმის მისაცემად სამშობლოში ჩამოვიდნენ.
ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან არის ქვეყნის პრეზიდენტი, ამ თანამდებობას მეშვიდედ ჩაიბარებს. ოქტომბერში მან განაცხადა, რომ კენჭს იყრის, თუ მისი მომხრეები იტყვიან, რომ „ეს საჭიროა და ისინი ამას, რასაკვირველია, იტყვიან“.
ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში გავრცელდა ფლეშმობი _ „საჭიროა!“, რომლის მონაწილეებიც არწმუნებდნენ ლუკაშენკოს, რომ აუცილებელია, მან კენჭი იყაროს.
დიქტატორს არჩევნებში ოთხი „მოწინააღმდეგე“ ეყოლება, რასაც დამოუკიდებელი მედია „თამაშს“ უწოდებს _ ისინი არჩევნებში მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ ლუკაშენკოს მათი არ ეშინია.