ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა სანდრო ნებიერიძემ გერმანიაში უდიდესი აღიარება მოიპოვა.
როგორც სანდრო ფეისბუქგვერდზე წერს:
„წარმოუდგენლად მაგარი ამბები გერმანიიდან!
სულ ახლახანს გავიგე რომ ჩემი სოლო ალბომი ნომინირებულია გერმანულ, უპრესტიჟულეს კლასიკურ პრიზზე – Opus Klassik – თანაც ორ კატეგორიაში: წლის ინსტრუმენტალისტი და წლის მომავლის მუსიკოსი!!!
ხუმრობა არ გეგონოთ, მანდვე არიან ხატია ბუნიათიშვილი, მარიამ ბაწაშვილი, ჯორჯ ლი, ნელსონ ფრეირი, ფაზილ სეი, ლუკა დებარგი, ბორის გილტბურგი, და კიდევ მრავალი სხვა ვის ხსენებაზეც მათი სახელის მცოდნეთ გული გვიჩქარდება…
მოკლედ, ოქტომბრამდე დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება!
უდიდესი მადლობა პატრიცია ჯონსტონს, ვისი უდიდესი დახმარება და შრომა რომ არა, არც ალბომი იარსებებდა და არც ნომინაციაზე წარმადგენდნენ!
ასევე უდიდესი მადლობა შორენა ცინცაბაძეს, ვინც სრულიად მოულოდნელად შემატყობინა ნომინაციის შესახებ!
საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნომინაცია “Instrumentalist/in” და “Nachwuchskunstler” კატეგორიებში”.
ცნობისთვის, 2 წლის წინ დაწესდა გერმანიაში უმაღლესი ჯილდო კლასიკის დარგში – OPUS KLASSIK, ჯილდო გაიცემა 25 სხვადასხვა ნომინაციაში – წლის ინსტრუმენტალისტი, დირიჟორი, ვოკალისტი, კომპოზიტორი, მომავლის კლასიკოსი.
ძალზე სერიოზული ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან დოიჩე გრამოფონი, გამომცემლობა სიკორსკი, სონი, უორნერ ჯგუფი და სხვები. ასევე თანამონაწილეა zdf, გერმანიის ცენტრალური ტელევიზია.
სანდრო თავის ფრანგულ სტუდია „ჰარმონია მუნდი“-ში გამოცემული დისკით 2 ნომინაციაშია წარდგენილი – 2020 წლის ინსტრუმენტალისტი (ეს კატეგორია იყოფა კლასიკური ინსტრუმენტების პოზიციის მიხედვით) და მომავლის კლასიკოსი.
გამარჯვებულები 18 ოქტომბერს დასახელდებიან ბერლინის კონცერტჰაუზში.