პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატი მღვდელმთავრებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლების საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.
ცინცაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიტატის აღნიშნული განცხადება გაბოროტებული, ანჩხლი ადამიანის საუბარს ჰგავს. ამასთან, პოლიტოლოგი მოუწოდებს ზურაბიშვილს, კონსიტუცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს.
,,სჯობს, სალომე ზურაბიშვილს ურჩიოთ, რომ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს, იქნებ გაიგოს, რა უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს. ზურაბიშვილს ვინ ეკითხება ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეკლესიის ცენზორად მოიაზრებს თავს თუ? გაბოროტებული, ანჩხლი ქალია.
მისდამი გამოხატულმა ამ საყოველთაო პროტესტმა ისეთი სახე მიიღო, რომ ამ ქალმა წონასწორობა დაკარგა. ხომ ხედავთ, სადაც მიდის, ყველგან პროტესტით ხვდებიან, ლამის სცენაზე პირდაპირ ვერტალიოტით ჩაუშვან“, _თქვა ცინცაძემ.
პოლიტოლოგი ზურაბიშვილის განცხადებას, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, უვიცობას უწოდებს და ამბობს, რომ ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიმდინარეობდა.
“ზომიერების გრძნობა აქვს დაკარგული. ჯარი მე გავიყვანეო, რომ ამბობს, რუსეთის ჯარის გაყვანა გადაწყდა 1998 წელს სტამბოლში, რაც სალომე ზურაბიშვილის კი არა, კლინტონის დამსახურება იყო. მაგას თავისნაირი უვიცი ჰგონია ყველა?
ზურაბიშვილს ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის უჭირდა. რომელი შუამავალი და შემრიგებელი შეიძლება იყოს? საჯარო მოხელეობისთვის ნამდვილად არ არის დაბადებული“, _ გვითხრა ცინცაძემ.