ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს პატიმრობა მიუსაჯა.
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი — 4 წელი და 3 თვე.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა გამოაცხადა.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.
ოთხივე დაკავებული მაღაროელი საპროტესტო აქციების გამოკვეთილი ფიგურა იყო. ისინი მოუწოდებდნენ სხვა მაღაროელებს, ხელი არ მოეწერათ მათი აზრით კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებს სთავაზობდა.
სისხლის სამართლის წესით დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
































































