კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს აძვირებს. საქმე ის არის, რომ „მაგთის“ მომხმარებელმა კომპანიისგან უკვე მიიღო SMS-შეტყობინება, რომლის თანახმად, 10 თებერვლიდან 25-ლარიანი ე.წ. „კოქტეილი“ ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
„გაითვალისწინეთ, რომ 10.02.22-დან კოდებზე – 2525 ან 2552 – დარეკვით გააქტიურდება „კოქტეილი 30“. ამავე თარიღიდან აღარ იქნება შესაძლებელი „კოქტეილი 25“-ის ჩართვა. თქვენთვის სასურველი სხვა კოქტეილის შესარჩევად ეწვიეთ აპლიკაციას MyMagti.
ასევე, 10.02.22-დან გაუქმდება “კოქტეილი 25”-ის ავტომატური განახლება და მის ჩანაცვლებას შეძლებთ „კოქტეილი 30“-ის ან თქვენთვის სასურველი სხვა პაკეტის ავტომატური განახლებით“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში, რომელიც მომხმარებელმა მიიღო.
გარდა ამისა, ძვირდება ინტერნეტ-პაკეტიც, მაგალითისთვის, ულიმიტო ერთდღიანი ინტერნეტ-პაკეტის შეძენა ამ დრომდე 1 ლარი ღირდა, თებერვლიდან კი ტარიფი 1.5 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი, თუმცა მაშინ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩარევით და გადაწყვეტილებით, ტარიფები არ გაძვირდა. უწყებაში მაშინ აცხადებდნენ, რომ კომპანიების მხრიდან ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, 2021 წელს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და მობილურ კომპანიებს სატარიფო მოქნილობა დაუბრუნა.
„საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის მარეგულირებელი საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლის ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას, კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში.
წყარო: bm.ge