ოპოზიციური სპექტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში მდუმარე საპროტესტო აქციას გამართავს.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები რუსთაველის მეტროდან ფილარმონიამდე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 10:30 საათზე შეიკრიბებიან.
ოპოზიციისა და მოქალაქეების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას “ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, აქცია 13:00 საათამდე გაგრძელდება, რომელიც პარლამენტამდე მსვლელობით დასრულდება.
ორგანიზატორების თქმით, მდუმარე აქციის მიზანია, საერთაშორისო მედიამ შეიტყოს, რომ საქართველოში 31 ოქტობერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
„ჩვენ ვმართავთ აქციას, რომ როგორც ამერიკის ადმინისტრაციამ, ასევე საერთაშორისო მედიამ გაიგოს, რომ საქართველოში ხორციელდება სახელმწიფოს მიტაცება ივანიშვილის რეჟიმის მიერ. არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა, არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალაუფლების მიტაცება.
მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, სულერთია, რომელი პარტია მოგწონთ, ან შეიძლება, არც ერთი პარტია არ მოგწონდეთ, სულერთია გვერდით მდგომი ადამიანი, რომელიც თქვენგან ორი მეტრით წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ დგას მოგწონთ თუ არ მოგწონთ. აქ არის ერთადერთი კრიტერიუმი – თუ მიგაჩნიათ რომ გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, კონუკრენტურ გარემოში, გამოდით და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მდუმარე პროტესტი“, – განაცხადა უგულავამ.