რუსთავში, საპატრულო პოლიციამ 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა.
როგორც თვითმხილველები “ინფო რუსთავს” უყვებიან, ე. წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლის და 4 თვის ბავშვი კრუნჩხვაში ჩავარდა, რომელსაც დროული დახმარება საპატრულო პოლიციამ აღმოუჩინა.
“ჩემს თვალწინ გაჩერდა მანქანა. გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა, მამა, არ მოკვდეო ყვიროდა. მერე დედა გადმოვიდა მანქანიდან, ბავშვი ხელში ეკავა და ყვიროდნენ, ბაბი, ბაბი, ამოისუნთქეო. ხალხიც მოგროვდა, ხან ამოატრიალეს ეს ბავშვი, ხან რა დაემართა, ხან რა. შემდეგ მე გამოვიძახე სასწრაფო, უფრო ადრე მოვიდა პატრული. სასწრაფომ დაგვირეკა სად მოვიდეთ ტერიტორიულადო და არ მოხვიდეთ, პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს,თქო. პატრულმა ძალიან მალე იმოქმედა, არც შეუხედავთ რამისთვის, გადმოვიდნენ მანქანიდან, ეგრევე ჩასვეს ბავშვი და წაიყვანეს. ფაქტიურად პატრულმა გადაარჩინა ეს პატარა გოგონა”, _ უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი “ინფო რუსთავს”.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, წლისა და 4 თვის ბავშვი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონი სამხარაძის თქმით, მცირეწლოვან გოგონას მაღალი სიცხისგან გამოწვეული კრუნჩხვა აღენიშნებოდა. ექიმის ინფორმაციით, ბავშვს კლინიკაში შეყვანის დროს გულყრა უკვე მოხსნილი ჰქონდა.
ჯონი სამხარაძის თქმით, გოგონამ სამედიცინო დაწესებულება დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვა.