ჩოხატაურის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე თანამდებობები გადაინაწილეს.
უალტერნატივოდ და წინააღმდეგობის გარეშე სხდომაზე მხოლოდ ის გადაწყდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე იქნება.
მისი მოადგილის პოსტზე კი, რომელზეც პრეტენზია ბევრ დეპუტატს ჰქონდა, დავით გუდავაძე იქნება წარდგენილი.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას გუდავაძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს პარტიის გადაწყვეტილება იყო.
ჩვენი ინფორმაციით, ზვიად მამალაძე, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა და ეს არც დაუმალავს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი (ამ თანამდებობას წინა მოწვევის საკრებულოში დავით გუდავაძე იკავებდა).
უმრავლესობაში შეთახმებას მიაღწიეს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზეც _ ამ თანამდებობაზე ვლადიმერ სიხარულიძეს დააყენებენ, რომელსაც მამალაძის მსგავსად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა.
უკვე გადაწყვეტილია საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურაც _ „ქართული ოცნება“ ამ თანამდებობაზე აკაკი ყაჭეიშვილს წარადგენს.
ლაშა თოლორდავას კანდიდატურას წარადგენენ ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ. ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიას მარინა ბერაძე ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატები რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურ კონსულტაციებს გადიოდნენ და ბევრი მათგანი „სიტუაციის მოსაგვარებლად“ დედაქალაქსაც კი სტუმრობდა.
ჩოხატაურის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დღეს, 3 საათზე დაიწყება.