ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში და ღიად ვისაუბროთ ანაკლიაზე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის თანახმაა, ტელევიზიაში მივიდეს და პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილოს, რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.
„რადგანაც ამდენი კითხვაა საზოგადოებაში ანაკლიასთან დაკავშირებით, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში. შეგვიძლია, ეს იყოს მაგალითად, „იმედი“, ვისაუბროთ ღიად. ვისაუბროთ ღიად, რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, ერთხელ და სამუდამოდ დავადგეთ პირდაპირი ურთიერთობის გზას, ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს.
მე ერთი წლის წინ განვაცხადე, რომ არანაირი კულისებში მოლაპარაკება. ყველას მინდა მივმართო, ბევრი ადამიანი მხვდება – მამუკა ვერ დაალაგეთ? ძმებო, არ გამოვა – დალაგებები ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს.
არასდროს არ დამილაგებია, არც დავალაგებ, ყველაფერი რაც დალაგდება, იქნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის და იმ მოქალაქეების თვალწინ, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს და ჩვენი ქვეყნის აშენება უნდათ. გპირდებით, ამ რეალობას გულანთებულ ადამიანებთან ერთად შევცვლით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.