“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ ლიდერს პარტია „ძლიერი საქართველოდან“, მამუკა ხაზარაძეს. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი იყო მისი თანაგუნდელი ლევან სამუშია, რომელიც მოითხოვდა, პოლიტიკოსი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ. თავად ხაზარაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გირაოს გადახდას.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მისი საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნა. პროკურატურის განმარტებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ ხაზარაძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა.
ხაზარაძეს ბრალი გუშინ, 1 აპრილს, წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ მუხლით.
ბრალის წაყენებას ელოდება კიდევ ორი პოლიტიკოსი:
- ბადრი ჯაფარიძე, ხაზარაძის თანაგუნდელი;
- ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ხაზარაძის მსგავსად, ისინიც არ გამოცხადდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.