“ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს მე ვთქვი, რომ ჩვენი ოპოზიცია მაშველ რგოლს ელოდება გარედან. ყველა ამგვარი მოქმედება, იქნება საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში და საარჩევნო პროცესში ჩარევა. ახლა კიდევ უფრო რადიკალური ზომები თუ იქნება, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა , ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სანქციების შესახებ მეთიუ მილერის განცხადებაზე საუბრისას.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებების მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია.
„ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციები აქვს დაწესებული. ორ მილიარდს რომ გაუჩერებ, უფრო მეტი სანქცია წარმოუდგენელია. ახლა მე ფინანსურ სანქციას ვერ დამიწესებენ. ბანკის კრედიტზე თუ დამიწესებენ სანქციას, დიდი სიამოვნებით მივიღებ, რამდენიმეთვიანი შეღავათი თუ მექნება, არჩევნებამდე ორი თვე დავისვენებ კრედიტისგან.
რაც შეეხება სავიზო შეზღუდვებს, არ ვიცით ასეთი ადამიანების შესახებ. თქვენგან ვიგებთ რაღაც ვერსიებს და არ ვიცით, ასეთი ადამიანი ვინ არის. აბა მითხარით. ვერ მეტყვით, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ცნობილი არ არის. მოსამართლეების შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ აქ შეიძლება სახელებითა და გვარებით ლაპარაკი, ჩვენ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე არ შეიძლება სახელებითა და გვარებით საუბარი. ასეთი ინფორმაციის მომსწრენი ვართ, მაგრამ რეალურად რამდენი განცხადებაც და რამდენი მსგავსი მოქმედება იქნება (და არავინ იცის წინასწარ, იქნება თუ არა), ყველა იქნება ოპოზიციისთვის გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომ მათ არიონ საქართველოში სიტუაცია.
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მეგობარსა და პარტნიორს – ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში. ქართველმა ხალხმა თავისით გადაწყვიტოს, ვინ უნდა თავის ხელისუფლებაში და სხვამ არ გადაწყვიტოს, რომ მათი აგენტები უნდა იყვნენ მაინცდამაინც“, – მიიჩნევს მდინარაძე.