უკვე ერთ კვირაზე მეტია, ფოთში 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. როგორც ჯაბუას ოჯახის ახლობელი “გურია ნიუსთან” ჰყვება, ირაკლი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შედეგ მისი კვალი არსად სჩანს. ამასთან, როგორც ქრისტი ქაჯაია განმარტავს, დაკარგულის კუთვნილი ავტომობილი მდინარე რიონთან ნახეს, რის გამოც სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„გაუჩინარდა 31 იანვარს. დილით მიდიოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დედამ ნახა, არაფერი განსაკუთრებული არ შეუმჩნევია. მერე დაგვირეკეს, რომ მეშვიდე კილომეტრზე იდგა მისი მანქანა და თვითომ არ ჩანდა. ამის შემდეგ დღემდე ვეძებთ“, _ გვითხრა ქაჯაიამ.
“გურია ნიუსი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულია მყვინთავები და სპეცტექნიკა, ასევე, კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს. ადგილზე მობილიზებულნი არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები, ასევე, თბილისიდან, განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
“გურია ნიუსი”, ასევე, დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.