პირველი სექტემბრიდან „C“ და „D“კატეგორიების, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების მანქანებისთვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
გამოცდის პირველ ეტაპს კანდიდატი ძველებურად მოედანზე გაივლის, ამის შემდეგ მანქანის ქალაქში გატარებაც უნდა მოახერხოს. პირველი ეტაპის ჩაბარების მერე, მეორე ეტაპზე გასასვლელად კანდიდატს 365 დღე აქვს.
თუ პირველ ეტაპზე გამოცდა წარმატებით ჩააბარა, შეუძლია მეორეზე 15 დღის მერე გავიდეს, თუ ვერა, 30 დღე უნდა დაიცადოს.
პირველი სექტემბრიდან მეორე ეტაპის გამოცდას კითხვებზე პასუხიც ემატება (სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები). კითხვა სულ ოცია, მაგრამ აქედან გამომცდელი კანდიდატს მხოლოდ 2 დავალებას მისცემს. კანდიდატმა დავალება ან რეალურად უნდა შეასრულოს, ან ზეპირად უპასუხოს. ეს დავალებები განკუთვნილია მათთვის, ვისაც „B“, „BE“, „C“ და „D“ კატეგორიების და „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღება სურთ.
ცვლილებები არ შეეხებათ მათ, ვისაც თეორიული გამოცდა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე ჩააბარეს.