ვის არ ახსოვს სცენა კინოფილმიდან “ქეთო და კოტე”, როდესაც მაკარის სახლში საპატარძლოს სანახავად მოწვეულ თავმომწონე სასიძოს გააბიაბურებენ, შემდეგ კი კოტეს ოინბაზი მეგობრები ამასაც არ იკმარებენ და შეშინებულ და გასასვლელისკენ გაქცეულ დარბაისელ საზოგადოებას ათასგვარ ოინს მოუწყობენ, ერთ-ერთ მათგანს კი დამბაჩებით მარილსაც დაახლიან.
სწორედ ეს მსხვერპლი გახლავთ სანდრო ჟორჟოლიანი, რომელიც ფილმში სადილ-ვახშამზე “მონადირე” თავადიშვილის, ბეშქენის როლს ასრულებს.
მსახიობი საოცრად ბუნებრივად იტაცებს დამწვარ ადგილას ხელს და სულ ხტუნვა-ხტუნვით გარბის. არაჩვეულებრივი სცენაა და ეს არც არის გასაკვირი – სანდრო ჟორჟოლიანი ხომ დიდი მსახიობი იყო, ამ სცენის დამაჯერებლად თამაშისათვის მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.
საქმე ის არის, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც სინამდვილეშიც, კოტეს მეგობრებზე არანაკლები ოინბაზები იყვნენ, დამბაჩები მართლა დატენეს მარილით და მსახიობიც, კარგად თუ დააკვირდებით, გაოცებულ-გამწარებული გაიძახის: “მართლა მომხვდა, მართლა მომხვდა!”