ეს ბიჭი გიორგი ცქიფურიშვილია. გიორგის დედა _ ასმათ ჟღენტი 2 თვის წინ გარდაეცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ, გიორგიზე დეიდა ზრუნავდა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში ცხოვრობს. რამდენიმე დღეა, გიორგი ისევ გამოჩნდა ჩოხატაურში და ის ისევ ბენდელიანის ქუჩაზე, „მუხების უბანში“, დედის დატოვებულ „სხვის“, ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობს.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, ვინ ზრუნავს უდედოდ დარჩენილ გიორგიზე და რას აკეთებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გიორგისთვის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.
გიორგი გაყინულ სახლში მარტო მჯდარი ვიპოვეთ. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა და მაშინვე დედაზე დაიწყო საუბარი…
_ აქ ვნახეთ, ნახევრად მკვდარი იყო, ამ საწოლში ეძინა საწყალს… იყოს ეს საწოლი, დედასია. აქედან ვერ გავასვენეთ, სინათლე არაა, _ გვითხრა გიორგიმ, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს ლოგიკური პასუხი. მანვე გვითხრა, რომ მასზე კეთილი ადამიანები ზრუნავენ:
_ მეზობლები მაჭმევენ. აქ ქალი ცხოვრობს, მაია ჰქვია, ტანსაცმელი გამირეცხა; კიდევ, ნინო დეიდასთან დავდივარ რესტორანში, ის მაჭმევს; ავთოსთან დავდივარ, კაი კაცია. გვარი არ ვიცი, წაგიყვან და გაჩვენებ… მერე მოვდივარ სახლში და ვარ… რომ არ შემცივდეს, ლოგინში ვწვები“, _ გვითხრა გიორგიმ, რომელმაც სითბო და სიხარული ჩახუტებით და მხარზე კოცნით გამოხატა.
გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც გაგვეცნო ადამიანები, რომლებზეც გიორგი გვესაუბრა.
როგორც ბენდელიანის ქუჩის სხვა მცხოვრებლებისგან შევიტყვეთ, ქალბატონი, რომელზეც გიორგი გვიყვება, მაია სალიაა.
_ სალიები ცხოვრობენ აქვე; ღვთისნიერი ხალხია _ ისინი ზრუნავენ გიორგიზე. გიორგის დედასთან ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, სულ ეხმარებოდნენ და ახლა გიორგისაც უვლიან. სხვებიც ვაწვდით საჭმელს, მაგრამ, ძირითადად, მაია პატრონობს, _ გვითხრა მეზობლად მცხოვრებმა ქალბატონმა.
როგორც მაია სალიამ გვითხრა, გიორგი დროებითაა დატოვებული ჩოხატაურში. მისმა ქვრივმა დამ, რომელიც სამ ობოლ შვილს უვლის და ქირით ცხოვრობს თბილისში, ბინა უნდა შეიცვალოს და როგორც კი ახალ ბინაში გადავა, გიორგისაც თან წაიყვანს.
„გიორგი უმეტესად ეკლესიაშია, მოძღვრები, ეკლესია მზრუნველობს. კიდევ რამდენიმე ადამიანია, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს გიორგის მიმართ, ეცოდებათ…
პოლიციაც აქცევს ყურადღებას, კონკრეტულად ვინ იყო, არ ვიცით, მაგრამ ერთხელ საჭმელი ჰქონია სახლში და შეფარებულმა ძაღლმა შეუჭამა… პოლიციელები მოვიდნენ და დიდი პარკით საკვები მოუტანეს. გიორგიც მოიყვანეს სახლში რამდენჯერმე“, _ გვეუბნება მაია სალია.
კიდევ ერთი ადამიანი, ვინც გიორგიზე უანგაროდ ზრუნავს, ჩოხატაურში მცხოვრები ავთო ბერიშვილია. ბატონი ავთო მკერავია და საკუთარი სახელოსნო აქვს. როცა მასთან მივედით, გიორგიც იქ იყო.
_ სიტყვა “მეცოდება“ ცოტაა, რასაც გიორგის მიმართ განვიცდი. შემეჩვია და ხშირად მოდის ჩემთან. რაც შემიძლია ვეხმარები… საღამოს ერთად მივდივართ სახლში, ვაწესრიგებ, ვაჭმევ. მერე ტაქსს ვიძახებ, რომელსაც სახლში მიჰყავს. არის შემთხვევა, როცა საღამოს ისევ გამოდის სახლიდან _ უჭირს, ეტყობა, მარტო ყოფნა, _ ამბობს ბატონი ავთო.
ავთო ბერიშვილიც გვეუბნება, რომ გიორგის მეურვე მისი და _ ქეთევან ცქიფურიშვილია, თუმცა, თავადაც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.
_ ძალიან უჭირს იმ გოგოსაც… მარტო, ნაქირავებ ბინაში სამ ობოლს ზრდის. მათთან ერთად გიორგისაც უნდა მიხედოს… ან როგორ გაჩერდება ქალაქში… დეიდამ წაიყვანა სოფელში და იქაც ვერ გაძლო… არ ვიცი, რა ვქნა, ვიწვი ამ ბიჭის საცოდაობით.
„გურია ნიუსი“ გიორგის დას _ ქეთევან ცქიფურიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მეურვის სტატუსის ვადა გავიდა და საბუთები თავიდან აქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება გიორგის, ძალიან მალე წაიყვანს და მასთან ეყოლება.
იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებს მუნიციპალიტეტი მარტო და საშიშ გარემოში მცხოვრები შშმ პირისთვის, ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.
ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს ფინანსურად დაეხმარა: „ამ ოჯახს მერია ფინანსურად დაეხმარა. რაც შეეხება გიორგის, მასზე მეურვეობას ოფიციალურად იფორმებს და, რომელიც თბილისში ცხოვრობს. გიორგი მასთან გააგრძელებს ცხოვრებას. მერია ამ სახლის სხვა მობინადრეებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ დაცალონ ეს ავარიული სახლი, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ერთ-ერთი მობინადრე ამჟამად ჩოხატაურში არ იმყოფება და ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ეს საცხოვრებელი, გარდა იმისა, რომ საფრთხის შემცველია მობინადრეებისთვის, არის ანტისანიტარიის ბუდე, რაც ირგვლივ მცხოვრებთა გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევს. თუ ისინი დაგვთანხმდებიან, ჩვენ მზად ვართ, ვუქირავოთ დროებითი თავშესაფარი. ასე, უკვე არაერთი წელია, გაყვანილი გვყავს 25 ოჯახი, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.
სანამ გიორგის სოციალურად შეჭირვებული და თბილისში წაიყვანს, ჩვენს იმედადაა _ მართალია, ჩოხატაურში უმწეოთათვის სასადილო არ არის, მაგრამ კეთილი ადამიანების წყალობით, ყოველდღიური ლუკმაპური, ალბათ, საძებნელი არ ექნება; ამასთან, სახელმწიფოს, საზოგადოებას გიორგის მომავალზეც გვმართებს დაფიქრება.
„გურია ნიუსი“ მოგმართავთ თხოვნით _ ერთად მოვიფიქროთ, თუ რით და როგორ შეგვიძლია გიორგის დახმარება, რომ მას საკუთარი ჭერი ჰქონდეს, რომ დიდხანს გაგვათბოს მისმა გულთბილმა გაღიმებამ, მოხუტებამ და მადლიერების ნიშნად მხარზე კოცნამ.
ამავე თემაზე: ღვთისგან და კაცისგან დავიწყებულნი