ქალაქ ოზურგეთში, ანდღულაძის ქუჩაზე მცხოვრებ ლეილა ანდღულაძეს, რომელიც 85 წლისაა და მარტო ცხოვრობს, 25 იანვარს ინსულტი მოუვიდა და მისი მდგომარეობა უმძიმესია. მას ახლა თავისი შვილიშვილი ბელა ანდღულაძე უვლის. მდგომარეობას ართულებს ის, რომ თავად ლეილა ანდღულაძის შვილიც, ქუთაისში, საავადმყოფოში იმყოფება უმძიმესი დიაგნოზით.
_ მამაჩემს, შესაძლოა, მალე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. სისხლძარღვების პრობლემა აქვს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დედაც არ არის ჯანმრთელად. იძულებული ვარ, იქეთ-აქეთ ვირბინო ორ უმძიმეს ავადმყოფს შორის. საავადმყოფოდან ბებიაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ, უკან გამოგვაყვანინეს. გვითხრეს, რომ ამჯერად არ არის რეანიმაციის პაციენტი. არადა, ხედავთ, როგორ არის, _ გვითხრა ბელა ანდღულაძემ.
როგორც მან გვითხრა, საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე, 13 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ შეშა გამოაგზავნა. 15 თებერვალს თავად მივიდა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ლეილა ანდღულაძეს წამლები შინ მიუტანა, ხოლო საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია რამდენჯერმე მივიდა ოჯახში.
_ მადლიერი ვარ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ზღვაში წვეთია ეს ყველაფერი. თუ დამიჯერებთ, გაზი რომ ავანთო, ორი მეტრი რეზინის მილი ვერ ვიყიდე. ვარ ასე შეშის ამარა, როცა გაზი ეზოშია შემოყვანილი. თუ ბებიას მომვლელი არ დაენიშნება, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ჩვენი მდგომარეობა ყოველ საათს მძიმდება. მამა რომ არ მყავდეს საავადმყოფოში, კიდევ რაღაც საშველი იქნებოდა. ახლა, მართლა არ ვიცი, რა ვქნა.
გიორგი ღურჯუმელიძემ რეანიმობილის თანხა თავად გადაიხადა, როცა ბებო შინ ამოიყვანეს; მეზობლები თან გადამყვნენ. რა ვუყო ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოხუცს, რომელიც გონებაზე არ არის? მახსოვს ისიც, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებზე, შარაშენიძის წარმომადგენელი თინა ბურჭულაძე რამდენჯერ მოვიდა _ რას არ პირდებოდნენ ბებიაჩემს. უმადურები არ ვართ, მაგრამ ასეთ ყოფაში მხოლოდ წამლის მოტანა ვერაფერს გვშველის. ბეგლარ სიორიძის მერობის დროს, ორი წლის წინ, ბებიაჩემს ეს სახლი გადაუხურეს _ წვიმა ყოველ კუთხეში ჩამოდიოდა. საწყალი მოხუცი სიხარულით აღარ იყო. ახლა სიკვდილს ებრძვის. მოხუცი კი არის, მაგრამ ჩემი გამზრდელი ბებიაა. მისი შვილი _ მამაჩემი, საავადმყოფოში რომ დაწვა მძიმე დიაგნოზით, ინსულტიც ამიტომ მოუვიდა ბებიას, _ გვიამბობს აცრემლებული ბელა ანდღულაძე და ამ უმძიმეს გასაჭირში ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვს.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა _ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ქალაქ ოზურგეთში, ანდღულაძის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ანდღულაძეების და ასევე, ლუკასიანების ოჯახს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 თებერვალს, საშეშე მერქანი გადასცა. ლეილა ანდღულაძეს შევუძინეთ და გადავეცით საჭირო მედიკამენტები და ყველაზე მთავარი _ საქველმოქმედო ორგანიზაცია “კარიტასთან” შეთანხმებით, დავუნიშნეთ მომვლელი, რომელიც დღეიდან (საუბარი ჩაწერილია 16 თებერვალს), კვირაში რამდენიმე დღეს მას შესაბამის მზრუნველობას გაუწევს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერია შეეცდება, სხვადასხვა სოციალური პროგრამის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს მას და მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ბენეფიციარებს, _ თქვა ირაკლი სირაძემ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ორი წლის წინ “გურია ნიუსი” წერდა ლეილა ანდღულაძის პრობლემის შესახებ _ მაშინ მას უსამართლოდ შეუჩერეს სოციალური დახმარება. სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში მოხუცს დახმარება აღუდგინეს.