ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც 300 000 ადამიანის გამოკითხვას ეყრდნობა, ხშირი კომუნიკაცია, ადამიანებთან კავშირი 50%-ით ამცირებს ნაადრევად სიკვდილის რისკს. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით კი, იზოლირებულად და მარტო ცხოვრება ნაადრევი სიკვდილის რისკს წარმოშობს.
„სოციუმთან კავშირი, ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური მდგრადობისთვის. კომუნიკაციის ნაკლებობა დაახლოებით ისეთ განცდას აჩენს, როგორიც მშიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს“, – ამბობს კვლევის ავტორი, ფსიქიატრი იგორ გალინკერი.
მისივე განმარტებით, მარტოობა აჩენს დეპრესიას, ადამიანს აგდებს სტრესში და შფოთვის მიზეზი ხდება. ყოველივეს კი თავის მხრივ ჯანმრთელობს არაერთ პრობლემამდე მივყავართ.
ადამიანის მარტოობის განცდაზე სოციალური ქსელებიც ახდენენ გავლენას. შესაძლოა სოციალური ქსელებით კომუნიკაცია გქონდეთ, მაგრამ კვლევის თანახმად, ეს არასრულფასოვანი ურთიერთობაა და მარტოობის განცდას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. ვირტუალური ურთიერთობები ადამიანს თავს უფრო მეტად მარტო და იზოლირებულად აგრძნობინებს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ არ შევცდეთ და არ ჩავთვალოთ, რომ რადგანაც სოციალური ქსელებით მიმოწერა გვაქვს, ეს რამეს ნიშნავს. ეცადეთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან პირისპირ ურთიერთობას, გახვიდეთ გარეთ, ხშირად გაუღიმოთ ადამიანებს და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროთ. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მარტოობის განცდისგან თავის დაღწევას.