“ფუტკრები რთულ მათემატიკურ ამოცანებს უფრო სწრაფად ხსნიან, ვიდრე კომპიუტერები”, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის უნივერსიტეტის ჰოლოუეის კოლეჯის მკვლევრები.
ბრიტანელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ ფუტკრები უშეცდომოდ ადგენენ უმოკლეს მანძილს ყვავილებამდე, რათა შეაგროვონ ნექტარი. ამასთანავე, ენერგიის მინიმუმს ხარჯავენ. პრობლემა, რომელსაც ისინი ამ დროს „ხსნიან“ მათემატიკაში ცნობილია, როგორც „კომივოიაჟერის ამოცანა“. ამოცანის არსია: „ვიპოვოთ უმოკლესი მარშრუტი მრავალ ქალაქს შორის, რათა ვესტუმროთ ყოველ მათგანს თითოჯერ და დავუბრუნდეთ საბოლოო წერტილს“.
ეს ამოცანა ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესების მართვისას. მაგალითად, ინტერნეტის მუშაობის, მიკროსქემების წარმოების, ქალაქის ტრანსპორტის ქსელების გათვლისა და ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის დადგენისას. ამ პრობლემების ამოხსნისთვის მეცნიერებაში რთული ალგორითმების სიმრავლე არსებობს. მათი ამოხსნისთვის კომპიუტერები ხანგრძლივ და რთულ გამოთვლებს აწარმოებენ. ფუტკრები კი, როგორც გაირკვა, პრაქტიკულად, მყისიერად „გათვლიან“ ასეთ ამოცანას.
სწავლულებმა გადაწყვიტეს, შეესწავლათ, რომელი მარშრუტით დაფრინავდნენ ფუტკრები, ნებისმიერი რიგით თუ განსაზღვრული ალგორითმით. ამისთვის კი, გამოიყენეს კომპიუტერით მართული ხელოვნური ყვავილები, რომლებიც გამოყოფდნენ ყვავილების ნექტარის ანალოგიურ ნივთიერებას და ამ სუნს ავრცელებდნენ. გაირკვა, რომ მარშრუტი შეესაბამებოდა ოპტიმალურ მათემატიკურ მოდელს და ძალების ეკონომიის საშუალებას იძლეოდა.
ახლა სწავლულები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ როგორ შეუძლია, უმცირეს ტვინს აღმოჩნდეს კომპიუტერზე „ჭკვიანი“. თუ ამ ამოცანას ამოხსნიან, ეს გამოთვლით ტექნიკაში გადატრიალება იქნება.