სოციალური დახმარების სისტემის მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება იწყება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა რეალურად სჭირდებათ.
“2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი, თუმცა არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც, ფაქტობრივად, აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას“, _ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3 000 ლარზე მეტი შემოსავალი.
“თუ არ ვცდები, 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს _ გამოჰყავდათ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ.
აქაც მოსალოდნელია პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა, მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ სოციალური ბაზების გადამოწმებაზე.
2020 წელს, კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა მისი გადამოწმება. შედეგად მივიღეთ, რომ ერთ–ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3 000 ლარზე მეტი შემოსავალი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს _ გადამოწმდება სოციალურად დაუცველთა მთლიანი ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ დახმარება.
2020 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 21.3 პროცენტი, როცა გაიზარდა ბაზა. მერე შეწყდა მათი გადამოწმება და 2024 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი არის 9.4 პროცენტი.
ჯანდაცვის სამინისტრო წარმართავს შესაბამის პროცესს და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი დარჩება ბაზაში და რამდენი_ არა“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2026 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას ლანჩხუთში 1 114 ოჯახი იღებს, ოზურგეთში _ 2 301, ჩოხატაურში კი _ 510 ოჯახი.
მოქალაქეებს დიდად არ აქვთ იმედი, რომ ბაზების გადამოწმების შედეგად შეიძლება მართლაც რაიმე დადებითად შეიცვალოს დახმარების საჭიროების მქონე პირების მიმართ.
“იმდენი ნაცნობი ჰყავთ, მაინც დაინიშნავენ. ისევ ღარიბებს დაუწერენ მაღალ ქულას და მდიდრებს _ დაბალს. ყველას ჰყავს მანქანა და ზოგს სხვის სახელზე გაფორმებული. მასე ვინ გაიგებს, ვის უჭირს და ვის არა?”
“მარტო სოციალურს იღებენ ბავშვები და სხვას ვერაფერს ვსარგებლობთ. ქირით ვცხოვრობთ და ჩაწერილი უნდა იყოთო. რომელი ბინის მეპატრონე ჩაიწერს ამდენ ადამიანს?”
“იქნებ, მეც შემამოწმოთ, ერთ პატარა ცარიელ ოთახში რომ ვცხოვრობ! არც წყალი მაქვს, არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც ლოგინი _ ტახტზე ვწევარ, არც სარეცხი მანქანა… სოციალური მაქვს 50 ლარი ავადმყოფ მარტოხელა შვილმკვდარი დედას! ამ ფულით რა ვიყიდო _ საჭმელი თუ წამლები?!” _ ეს ციტატები “გურია ნიუსის” ფეისბუქგვერდზე დაწერილი კომენტარებიდანაა აღებული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, “სოციალურ მხარდაჭერაზე და საერთოდ, ადამიანის მხარდაჭერაზე იმდენი იხარჯება, რაც ისტორიული რეკორდია. იხარჯება მიზანმიმართულად, რომ რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს ადამიანი. ეს, მათ შორის, სოციალურ ხარჯებსაც გულისხმობს“:
“2012 წელს ნუ ეხებითო და ეს შეხება, ხელისუფლებას რა აქვს გაკეთებული, იმის გასაზომად მჭირდება. 17 მილიონი იხარჯებოდა ბავშვზე, მათ შორის, აბილიტაციის პროგრამა, რეაბილიტაციის პროგრამა, ბავშვზე ზრუნვა, მინდობით აღზრდა… იცით, დღეს რამდენია ამ 17 მილიონის შემდეგ? 124 მილიონი იხარჯება! არ არის სხვაობა? ბავშვებზე არ იხარჯება? 600 მილიონი იხარჯება, რომელზეც კიდევ ფიქრობთ როგორ გავხადოთ ეს კიდევ უფრო ტარგეტირებული და უფრო მეტად ორიენტირებული იმაზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“, _ ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ საქმე “ოცნების” უპასუხისმგებლო პოლიტიკასთან გვაქვს და “ოცნება” ახლა ცდილობს მზრუნველის როლი მოირგოს:
“ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის, ეუთო–ოდირის დასკვნებით, რომ სოციალური დახმარება იყო უმთავრესი ბერკეტი მათ შორის, სუს–ის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამოყენებით, აღარ ვსაუბრობ ქუჩის ადამიანებზე, რომ რაც შეიძლება მოწყვლად ადამიანებზე ყოფილიყო ზეწოლა, ჰქონოდათ შიში, რომ სოციალური დახმარება დაეკარგათ. არის ირონიული შემთხვევებიც, როცა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარის მოადგილეები მათი ოჯახებით და ა.შ.
ასე რომ, ეს არის ერთგვარი ჭაობი, რომელიც აერთიანებს ერთის მხრივ კორუფციას, მეორე მხრივ უპასუხისმგებლობას. დღეს საქართველოში 700 000 –ზე მეტი ადამიანი არის უკიდურესად ღატაკი და დამოკიდებულია სოციალურ დახმარებაზე. ამ ადამიანების რიცხვი ბოლო 4 წელიწადში 70 000 ადამიანით გაიზარდა. სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც 1 300 000 აღემატება, ბოლო 4 წელში 250 000 ადამიანით გაიზარდა. პრემიერი გვატყუებს, თითქოს ბოლო 4 წელიწადში სიღარიბე დაძლიეს. ეს არის სტატისტიკური მანიპულაცია. ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს ციფრებში, მიემართება “ოცნების” მაღალჩინოსნების ჯიბეში“, _ ამბობს შარაშიძე.
პარტია “ახალის” ჩოხატაურელი ლიდერის, ბაჩო ახალაძის თქმით, ის, რომ ხელისუფლებამ ახლა აღმოაჩინა სიაში “მდიდრები”, სერიოზულ კითხვებს აჩენს.
_ ბატონო ბაჩო, ხელისუფლება აცხადებს, რომ სოციალური ბაზების გადამოწმება “სამართლიანობის აღდგენას” ემსახურება. თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ამ “მდიდრების” ძებნა მაინცდამაინც ახლა?
_ როდესაც ხელისუფლება წლების განმავლობაში მართავს სისტემას და მხოლოდ ახლა აღმოაჩენს, რომ სოციალურ ბაზაში “მდიდრები” არიან, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. ან აქამდე არ აკონტროლებდნენ პროცესს, ან დღეს ეს თემა უბრალოდ პოლიტიკურ საჭიროებას ემსახურება.
ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება _ ფასები იზრდება, დასაქმება პრობლემად რჩება, ემიგრაცია მატულობს. ასეთ დროს “მდიდრების” ძებნა უფრო ჰგავს საზოგადოების ყურადღების გადატანას ძირითადი პრობლემებიდან.
თუ სისტემა ხარვეზიანი იყო, ეს მათი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ამიტომ ეს უფრო პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობას ჰგავს, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას.
_ თუ ბაზაში მართლაც არიან შეძლებული ადამიანები, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ადგილობრივი სოციალური სამსახურები წლების განმავლობაში არაეფექტურად მუშაობდნენ? ვინ უნდა აგოს პასუხი ამ ხარვეზზე?
_ თუ ბაზაში წლებია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ, ეს ნიშნავს, რომ კონტროლის მექანიზმები ჩავარდნილი იყო. და ამ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი არის არა მოქალაქე, არამედ სისტემა და მისი ხელმძღვანელები.
ვინ ამტკიცებდა მონაცემებს? ვინ ამოწმებდა? ვინ აწარმოებდა მონიტორინგს? ეს ყველაფერი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციაა.
არ შეიძლება ხელისუფლება თავად აღიარებდეს სისტემურ ხარვეზს და ამავე დროს პასუხისმგებლობა არავის დაეკისროს. თუ პრობლემა იყო _ უნდა დაისვას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღიარება უბრალოდ სიტყვიერ დეკლარაციად დარჩება.
_ რა არის თქვენი პარტიის ხედვა _ როგორ უნდა მოხდეს სოციალური ბაზების გაჯანსაღება ისე, რომ არ დაზარალდნენ რეალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო “მდიდრების” ძებნის საბაბით საფრთხის ქვეშ აყენებს?
_ პირველ რიგში, პროცესი უნდა იყოს სოციალური და არა _ სადამსჯელო. როცა ხელისუფლება “მდიდრების” ძებნაზე აკეთებს აქცენტს, იქმნება შიში, რომ მთავარი მიზანი დახმარებების შემცირებაა და არა სისტემის გაუმჯობესება.
გაჯანსაღება უნდა ეფუძნებოდეს:
_ მკაფიო და წინასწარ გამოცხადებულ კრიტერიუმებს;
_ ადამიანის უფლებების დაცვას და გასაჩივრების რეალურ მექანიზმს;
_ სოციალური მუშაკების პროფესიულ და არა პოლიტიკურ ჩარევას.
და რაც მთავარია _ სიღარიბის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას.
თუ ხელისუფლება მხოლოდ ბაზის “გასუფთავებას” მოახდენს, მაგრამ არ შექმნის სამუშაო ადგილებს და არ შეამსუბუქებს სოციალურ ფონს, მაშინ ეს იქნება სტატისტიკური ოპერაცია და არა სოციალური რეფორმა.
სამართლიანობა არ ნიშნავს მხოლოდ ვინმეს ამოშლას სიიდან _ სამართლიანობა ნიშნავს სისტემის შეცვლას ისე, რომ ყველაზე სუსტი დაცული იყოს, _ ამბობს ახალაძე.
სტატიის მზადების პროცესში იმ კითხვაზე პასუხის მისაღებად თუ ადამიანს დახმარებას მოუხსნიან, რამდენად აქვს მას ეფექტური გასაჩივრების მექანიზმი, რომ დაამტკიცოს საკუთარი გაჭირვება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დავუკავშირდით. თუმცა, ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე ორგანიზაციული შეფასება არ აქვთ და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შეუჩერდებათ თუ არა გადამოწმების დროს ოჯახებს სოციალური დახმარება _ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ.
“ოჯახს, რომელსაც შეეხება გადამოწმება, რა თქმა უნდა, თანხის ჩარიცხვა შეუჩერდება ახალი ქულის მინიჭებამდე. თუ ოჯახი დარჩება თანხის მიმღებად, შემდეგი მეორე თვიდან მიიღებს თანხას თავისი განაცდურით“, _ გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სანამ სამთავრობო კაბინეტებში რეკორდებსა და მიზნობრივ დახმარებებზე საუბრობენ, გურიის რეგიონში მცხოვრები ასეულობით ოჯახისთვის მთავარი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება _ იქნება თუ არა ბაზების გადამოწმება მართლაც სამართლიანი ფილტრი თუ ის იქცევა მორიგ ბიუროკრატიულ ბარიერად, რომელიც რეალურად დაუცველ ადამიანებს სისტემის მიღმა დატოვებს. ფაქტია, რომ ნდობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ისეთივე მყიფეა, როგორც იმ ოჯახების ყოველდღიურობა, რომელთათვისაც სოციალური აგენტის ვიზიტი გადარჩენის ერთადერთ იმედად ან მთავარ საფრთხედ აღიქმება.
ავტორი































































