წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.
ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.