ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, რომელი ავტომობილების მართვისას გრძნობენ ადამიანები თავს უფრო ბედნიერად.
ბრიტანეთის მასშტაბით კითხვა 2000 რესპონდენტს დაუსვეს. გაირკვა, რომ მართვის პროცესით სიამოვნებას გამოკითხულთა 69% იღებს, 20% კი საჭის ტრიალს მიიჩნევს აუცილებლობად, რომლისგანაც ვერანაირ კმაყოფილებას ვერ იღებს.
როგორც აღმოჩნდა, ბრიტანელ მძღოლებს შორის ყველაზე ბედნიერები “BMW”-ს მფლობელები არიან – მათმა 82%-მა სწორედ ასეთი პასუხი გასცა.
“ბედნიერების კოეფიციენტი” მცირედით ნაკლებია “Aston Martin”-ისა და “Lexus” (78%)-ისა და “Peugeot”-ის (75%) მძღოლთა შორის. რაც შეეხება “Ferrari”-ს საჭესთან მსხდომებს, რაც უნდა საკვირველი იყოს, მართვისგან სიამოვნებას იტალიური სპორტკარების მფლობელთა მხოლოდ 57% იღებს! სავარაუდოდ, ეს ისეთი ფაქტორებით არის გამოწვეული, როგორებიცაა ავტომობილის ღირებულება, სხვადასხვა სახის შეზღუდვა და გაუთავებელი საცობები.
საკუთარი ავტოებით არც ისე კმაყოფილნი არიან “Land Rover”-ის მეპატრონეები – მათგან მხოლოდ 59%-ია მოხარული, ამ მარკის ავტომანქანა რომ ჰყავს. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე “Volvo”-ს შემთხვევაში – შვედური მარკის მძღოლთა შორის “ბედნიერი” მხოლოდ 46%-ია.