მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შემდეგ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელებს პირდება, რომ ქვეყანაში დაბრუნების კანონიერი უფლებებისთვის იბრძოლებს.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის ამ საკითხზე შეთანხმებისთვის ჩავიდა.
სააკაშვილი სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. მისივე თქმით, ის დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს.
“მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება. არ ვაპირებ არსად დარჩენას და რაიმე სახის სტატუსის მიღებას. მე უკრაინაში ჩამოსვლის კანონიერ უფლებისთვის ვიბრძოლებ.
პოროშენკომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნის დროს გადაწყვიტა. როგორც კი მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერთიანდებით, რათა შემოდგომაზე ქუჩებში გამოვსულიყავით და მათი ოლიგარქიული შეთანხმება დავასრულოთ, შიშმა სძლია საღ გონებას. პრეზიდენტმა პოროშენკომ არაფრად ჩააგდო კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ის წესით უნდა იყოს.
ეს პირდაპირი სიგნალია უკრაინის საზოგადოებისთვის, დემოკრატიის თამაში დასრულდა. პოროშენკო საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთიბების განვითარების მიზნით ჩავიდა, არამედ მორიგი შეთანხმების, ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინული პოროსშენკოსა და „გაზპრომის“ უდიდესი აქციონერის, პრო რუს ივანიშვილს შორის.
მათ მოიგონეს, თითქოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოდან ჩემს შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო. ეს მორიგი ტყუილია, რადგან მას შემდეგ, რაც მე უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, საქართველოში ჩემს წინააღმდეგ არცერთი საქმე აღძრული არ ყოფილა. ის გამოგონილი საქმეები კი, არცერთმა ქვეყანამ, საქართველოს გარდა, არ აღიარა.
2 დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც ოდესღაც მაიდანი იმედებს ამყარებდა, შეცვალა მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობა. ახალი ხალხი შეიყვანა და ეს მარიონეტული კომისია მზად იყო პოროშენკოს ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა.
ამ ბრძანებით თქვენ ხელი მოაწერეთ თქვენი ხელისუფლების გარდაუვალ დამარცხებას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას გავაგრძელებ, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
rustavi2.ge