მედიასახლი „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მერობის კანდიდატს სამართლებრივად მოთხოვს პასუხს!
საქმე ეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის – ძიმისტარიშვილის ფეისბუქპოსტებს, რომელიც ამ უკანასკნელმა, პირად გვერდზე, გუშინ, რამდენიმესაათიანი ინტერვალით გამოაქვეყნა.
„დღეს გაზეთ “გურია ნიუსის“ ე. წ. ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ ჩემი მისამართით “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძისა და სპეცსამსახურის დაკვეთით გამოაქვეყნა ცილისმწამებლური სტატია, რაშიც, როგორც შარშან არჩევნების წინ ძაღლივით გადაუგდეს 500 ლარი. შარშანაც მინდოდა მემხილა ეს არსება, იგივე ოზურგეთელი მამალაძე, მაგრამ ვერ შევძელი და იცით რატომ, იმიტომ რომ იმ სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ დღეში დამბლამ დაარტყა და კინაღამ “გევიდა” მარილზე.
ამ კაზახმა რამოდენიმე თვეა ისევ დაიწყო “ჯღაპვნა”და აი არჩევნების წინ ისევ შეასრულა სპეცსამსახურებისა და ბეგლარის დაკვეთა. ვაი მაგის პატრონს უბედურს. შარშან აღებული 500 ლარი სიცოცხლის ფასად კინაღამ დაუჯდა და დღეს იგივე კიდევ გაიმეორა. აბა ამას ეხლა ნორმალური კაზახი შეიძლება ერქვას?“ _ ეს არის ძიმისტარიშვილის პოსტი სტილის სრული დაცვით, რომელიც „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იმ ნიუსს მოჰყვა, რომელშიც მის კანდიდატობაზე და სამომავლო ხედვებზე იყო საუბარი.
მას შემდეგ, რაც ძიმისტარიშვილს მისი სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები მოვთხოვეთ, ისევ პოსტით შემოიფარგლა:
„ფაქტები მოითხოვა ვითომ არ იცის ფაქტები რომ არსებობს. ერთი წლის წინ ჩემი სიტყვები რომ დაამახინჯა შეგნებულად ეს ვინ იყო, მე თუ გირკელიძე, 200 სიტყვიდან დაახლოებით 100 სპეციალურად დამახინჯებული იყო, ან გუშინდელი სტატია ავიღოთ, მე გადამაყენეს თანამდებობიდან იმიტომ რომ გამომძალველი ვიყავი, თუ იმიტომ, რომ ქოცხროვის ლიდერ ბეგლარ სიორიძეს ჩავუგდე აგრარული ბაზრის გაყიდვის პროექტი.
აგენტობა სპეცსამსახურების სირცხვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისინი უნდა მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრებისა თუ დამნაშავეების წინააღმდეგ და არა მართალი კაცის წინააღმდეგ. არც ერთ ჟურნალისტს არ უკადრებია ჩემთვის მსგავსი რამ. ამფერი რა გადაუხადეს. ნორმალურ ქვეყანაში მაგისთანები ციხეში უნდა იჯდნენ, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ნაძირალა ქოცხროვა მე მებრძვის, მე, რომელიც თავს არ ზოგავს ქვეყნის კეთილდღეობისათვის,“ _ წერს ძიმისტარიშვილი.
“გურია ნიუსი“ მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატის ცილისმწამებლური განცხადება პირადი ცხოვრების დეტალების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანის, ჟურნალისტის შეურაცხყოფის და რეპუტაციის შელახვის სულმდაბლური ნიმუშია. ამიტომ, „გურია ნიუსი“ სამართლებრივად მიუდგება ამ ფაქტს და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, უკვე ამზადებს სარჩელს სასამართლოში შესატანად.