შეერთებული შტატები მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს. ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანაში არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ. რთულდება თავშესაფრის მიღების პროცედურებიც. არაოფიციალურად უკვე ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელთა მოქალაქეებიც ვეღარ გადაკვეთენ მექსიკიდან შეერთებული შტატების საზღვარს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე საქართველოა.
ბაიდენის ახალმა განკარგულებამ საზღვრის არალეგალურად კვეთის დროს დაჭერილი ადამიანების დეპორტაცია უფრო მარტივი გახდა. ბრძანება ძალაში უკვე შევიდა და მაშინ გააქტიურდება, როცა კვირის განმავლობაში მიგრანტების დაკავების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 2500-ს გადასცდება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავშესაფარზე წვდომა იქნება შესაძლებელი მათთვის იქნება, ვინც შესაბამის აპლიკაციაზე დარეგისტრირდება, ან საზღვრის უკანონო კვეთის ნაცვლად, სხვა ლეგალურ ზომას მიმართავს.
ბაიდენის განცხადებას მალევე მოჰყვა Washington Examiner-ის სტატია. გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის განკარგულებით 6 ქვეყნიდან აშშ-ში არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებს ქვეყანაში აღარ შეუშვებენ. მიგრანტებს არც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ექნებათ. ამ ქვეყნების სიაში საქართველო პირველ ადგილას მოხვდა.
ტუროპერატორები, რომლებიც ქართველ მიგრანტებს მექსიკის გზით ამერიკაში მოხვედრაში ეხმარებიან, გვიყვებიან, რომ საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები ჯერ-ჯერობით არ შეჰქმნიათ.
თუ ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია, მაშინ უახლოეს მომავალში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმა უნდა გაავრცელოს. ჯერ ჯერობით ძალაში მხოლოდ ბაიდენის ახალი შეზღუდვაა, რომელიც მაშინ მოიხსნება, როცა 3 კვირაში დაკავებულ არალეგალთა რიცხვი 1500-ს ჩამოცდება. აშშ-ს მთავრობის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ აპრილში არალეგალთა დაკავების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4300-ს უტოლდებოდა.
წყარო: მთავარიტვ