პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამაში უამრავი ხარვეზი არსებობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა. ,,ადრე ადამიანს, უბრალოდ, იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ექიმთან მისულიყო და დღეს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა, ადამიანები ექიმთან მიდიან, მაგრამ მხოლოდ რეცეპტი არაფერს შველის თუ წამალი არ იყიდე“ , – უთხრა ,,გურია ნიუსს“ ძაბირაძემ.
,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა ,,ქართული ოცნების“, თუმცა, საინტერესოა, რამდენად გამართულია ის. ხარვეზები ნამდვილად არსებობს და მინდა გითხრათ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პარალელურად დარეგულირებულიყო მედიკამენტების საკითხი, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის ყოფილიყო შეღავათები, არამედ სხვა კატეგორიის თანამოქალაქეებისთვისაც. ჩემი შეფასებით, ბიზნესწარმოების მხრივ ფარმაცევტული სფერო ყველაზე დახურული და ჩაკეტილია. დღეს წამლები ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ამ მხრივ.
ადრე ადამიანს უბრალოდ იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ექიმთან მისულიყო და დღეს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა ადამიანები ექიმთან მიდიან, მაგრამ მხოლოდ რეცეპტი არაფერს შველის თუ წამალი არ იყიდე. არა მარტო პენსიონერს, არამედ საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებსაც უჭირთ მედიკამენტების შეძენა და მკურნალობა, რაც თავისთავად ასვამს დაღს ჯანდაცვის რეფორმას“, – გვითხრა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ანგარიშს მოუსმინეს, რომელმაც 2017 წლის შედეგებსა და 2018 წლის სამომავლო გეგმები გააცნო პარლამენტის წევრებს.