თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებულის, მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მეგის ქარდავას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენს ასაჩივრებდნენ, რომლითაც ქარდავას სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებას თავად ქარდავა არ ესწრებოდა. როგორც მეგის ქარდავას ადვოკატმა, გია გოროზიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ქარდავა უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.
ცნობისთვის, 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლომ გაამტყუნა სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსნები: მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე.