აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობას ტოვებს. მიზეზად თამარ გუდავა მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და შესაძლო უხერხულ სიტუაციებს ასახელებს.
“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!
ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან”, – წერს გუდავა.
ცნობისთვის, გამოძიება 20 წლის გოგოს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან ერთად ნარკოტიკები თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. ლოკაციაზე დადო, ფოტოები მყიდველს გადაუგზავნა, რის შემდეგაც მოვლენები დრამატულად განვითარდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მეგობრებმა ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს, რასაც ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე შეეწირა – სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად.
სასამართლომ მაღალჩინოსნის შვილს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 14 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.