მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ბექა კვიციანი ბადრაგებს თავს დაესხა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა კვიციანი მოსკოვის გამზირზე დააკავეს და დიღმის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
პროკურატურამ კვიციანს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მას დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილსაც ედავება, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.
ბექა კვიციანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის, შოთა მანელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა არის მძიმე და იგი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ბექა კვიციანის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს მისი ბიძა ემზარ კვიციანიც.
ბექა კვიციანმა 36 წლის ნოდარ ცხადაძე, სავარაუდოდ, ფულის გამო მოკლა. “კურიერს” ცხადაძის ოჯახის ახლობლები უყვებიან, რომ მკვლელობაში ბრალდებული მეგობარს ფულს სძალავდა. თამარ გივიაშვილის განცხადებით, დიდი ხნის მეგობრებსა და ნათესავებს შორის დაძაბული ურთიერობა არ ყოფილა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხადაძემ საცხოვრებელი უბანი შეიცვალა მათ ურთიერთობა აღარ ჰქონდათ.
მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს მოკლული ნოდარ ცხადაძის მამა. დღესაც უჭირს ზურაბ ცხადაძეს იმის დაჯერება, რომ მისი შვილი ბექა კვიციანმა მოკლა.
ბექა კვიციანის ბიძა ემზარ კვიციანი “კურიერს” უყვება, რომ ბრალდებული პოლიციას თვითონ ჩაბარდა, რაშიც ძმისშვილი თავად დაარწმუნა.
ბექა კვიციანი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის ოჯახურ ძალადობისა და ხულიგნობისთვის. 2017 წელს კი კვიციანის გვარი გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებდა. სავარაუდოდ სწორედ ბექა კვიციანმა მიაყენა თავში ბლაგვი საგნით დაზიანება იუმორისტ დავით როსტომაშვილს.
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
წყარო: რუსთავი2