ლანჩხუთის მერია 28 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულ შემსრულებლებს 43 000 ლარს გადაუხდის, _ ამ ინფორმაციას სოცქსელებში ფეისბუქმომხმარებელი გიორგი მორჩილაძე ავრცელებს.
“ლანჩხუთის მერია 28 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულ შემსრულებლებს 43 000 ლარს გადაუხდის, თუმცა, მე თქვენი ყურადღება სრულიად სხვა საკითხს მინდა მივაპყრო. რასაც ფოტოზე ხედავთ, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის ავტორმაც, როგორც ჩანს, ახალი ქართული ენა გამოიგონა. კიდევ კარგ დღეშია ჩვენი საწყალი, გაუბედურებული და ყველაზე გაღატაკებული მუნიციპალიტეტი, ასეთი ხალხის ხელში.
პ.ს. თარიღის მაჩვენებელი რიცხვების მძიმეებით გამოყოფამ საერთოდ მომკლა“, _ წერს გიორგი მორჩილაძე.
მორჩილაძე პოსტს თან ურთავს დოკუმენტის ასლს,რომლის შინაარსს და ფოტოასლს აქვე გთავაზობთ (სტილი დაცულია):
“ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს: ბატონ გოდერძი ქურიძეს
ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილის ანა ჩხაიძის მოხსენებითი ბარათი
2025 წლის 28 სექტემბერს ქ.ლანჩხუთში დაგემილია სახლხო ზეიმის “ლანჩხუთობა 2025″ ღონიძიების ჩატარება.კონცერტში მონაწილოების მისაღებად მუნიციპალიტეტი იწვევს საქართველოში ცნობილ ჯგუფებსა და შემსრულებლებს— ჯგუფი “მიქსტურა mix2ra” და Dodona&West fire” და ავტორ შემსრულებელს “ი.მ. ალიკა სამუშიას“. აღნიშნული შემსრულებლები სარგებლობენ განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს შესყიდვის პროცედურები აღნიშნულ შემსრულებლებთან, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრები არიან.
შემსრულებლებთან შეთანხმებული ხარჯთღრისხვის შესაბამისად, “მიქსტურა mix2ra” მომსახურების ღირებულება შეადგენს – 20000(ოცი ათასი) ლარს, ჯგუფ Dodona&West fire-ის მომსახურების ღირებულება შეადგენს – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარს, ხოლო ი.მ ავტორ შემსრულებლის ალიკა სამუშიას მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს.
პატივისცემით, ანა ჩხაიძე დირექტორის მოადგილე, 18.09.2025″.






























































