ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების ენაზე მოსაუბრე ქალბატონს ეძახიან და განსაკუთრებულ პატივს კიდევ იმიტომ სცემენ, რომ ახალგაზრდობის ასაკშივე დაქვრივებულმა წარმოუდგენელი შრომა გასწია, ყოველგვარი დახმარების, პროექტების წერის და “მიშველე-მომეხმარეს” გარეშე, როგორც თვითონ გვიამბობს, საკუთარი მცირე ბიზნესი შექმნა.
დღეს კი არა თუ იმერეთის ამ პატარა ქალაქს, არამედ დასავლეთ და ზოგჯერ აღმოსავლეთ საქართველოდანაც მოსულ ყვავილების ტრფიალთ არჩევანის დიდ გასაქანს აძლევს. უმეტესად მას კერძო პირები სტუმრობენ, საკუთარი კარმიდამოების ორიგინალურად მოწყობის და დიდხანს მოყვავილე მცენარეების შეძენის მსურველები.
ყვავილების ბიზნესზე თავიდან არც უფიქრია _ მხოლოდ საკუთარი კარმიდამოს იმერული კოპწიაობით მორთვაზე ზრუნავდა: _ როგორც ქალების უმეტესობას, მეც ვერ წარმომედგინა ეზო ბაღნარის გარეშე, იმერეთში განსაკუთრებით, სადავ კარმიდამოს პეწს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და გამონაკლისი არც მე ვარ, _ ამბობს ქალბატონი ლუიზა.
ყვავილებით ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანა აირია. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულს და შემდეგ ხონის კავშირგაბმულობის სამსახურში დასაქმებულს, როგორ თვითონ ამბობს, ვერც წარმოედგინა, თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ნათურა ჩაქრებოდა და საყვარელ პროფესიას სამუდამოდ დაემშვიდობებოდა.
მეუღლესთან ერთად, ყვავილებზე აქცენტით დაიწყო ახალი საქმიანობაზე ფიქრი, თუმცა პირველი ნაბიჯი გადადგა თუ არა, სრულიად ახალგაზრდას მეუღლეც გამოეცალა ხელიდან. ამჯერად შვილებზე ფიქრმა და გასაჭირიდან თავის დაღწევის ინსტიქტმა ყველა ჯებირი გაარღვია _საკუთარ თავსი ძლიერი “მე” აღმოაჩინა და წუწუნის გარეშე საქმეს მარტო ეკვეთა.
თავიდან მრავალწლიან წიწვოვანებს აკალმებდა, რგავდა, რადგან, შედარებით ნაკლები შრომა სჭირდებოდა. მერე სხვადასხვა ყვავილების ჯიშებს და ჯიშთა შორის ფერებსაც შერჩევით მიუდგა.
_ თუ წელს წითელი ან ჭრელი გეორგინა გავყიდე, მომავლისთვის თეთრს და იასამნისფერს ვთესავ, რადგან კლიენტს სულ ერთნაირი ფერები არ სჭირდება. ასე ვახდენ ყველა სახეობის ყვავილის შერჩევას. ყვავილების მოვლა-პატრონობასთან ერთად, ვარჩევ, ვის რომელი ფერის და სახეობის ყვავილი ვაჩუქო, მივყიდო, ვურჩიო, რა სჯობს. ამისთვის ხალხურ თქმულებებში წაკითხულ ჩვეულებებზეც ვაკეთებ აქცენტს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ წესებზეც ვკითხულობ და ვიყენებ. ასეთი პრაქტიკა საკმაოდ ჭრის და მოქმედებს, ქალზე განსაკუთრებით, ვინც ყვავილებს ყველაზე მეტად შეჰხარის. მაგალითად, წავიკითხე, რომ ევროპის ქვეყნებში ქრიზანთემები დააქვთ ძირითადად პანაშვიდებზე და სასაფლაოებზე; მსახიობებს ნაკლებად ჩუქნიან მიხაკს; ქალებმა უნდა ერიდონ წითელი ვარდის ჩუქებას _ ეს მამაკაცის პრეროგატივაა, დასტურ სიყვარულისა და მათ უნდა მიართვან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს; ასაკოვან ქალბატონებს უყვართ ქოთნის ყვავილები _ ეს მათ განწყობაზე ძალზე დადებითად მოქმედებს; თინეიჯერი გოგონებისთვის უფრო მინდვრის ყვავილების სახეობებია სასურველი და ასე შემდეგ. ეს წესები, რა თქმა უნდა ოფიციალურად არ მაქვს დაწესებული, მაგრამ ვიყენებ და ითვალისწინებენ, ფართო არჩევნის საშუალებას ვაძლევ მომხმარებელს და კლიენტიც საკმაოდ მყავს, თუმცა, შრომაც არ მაკლია, ის კი არა, ხან მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს, _ გვეუბნება ყვავილებზე მზრუნველი ქალბატონი და კითხვაზე, აპირებს თუ არა ბიზნესის გაფართოებას, უარით გვპასუხობს: _ რაც შევძელი, ეს არის, პურის ფული არ მაკლია და არ ვიბრძვი პროექტების წერისა და გრანტებისთვის, საკმაოდ ბევრს არაფერი გამოუვიდა, ვინც სცადა, ვხედავ ირგვლივ. ტყუილად აფრიალებული პროექტებიც მინახავს, ერთჯერადად “გახორციელებული”, _ ამბობს ლუიზა ფანცულაია.
ახლა, შემოდგომაზე, ყველაზე მეტი გასავალი ოთახის მცენარეებს აქვს, ამიტომ ზრუნვა უკვე ამ მიმართულებით გადააქვს. მინისათბურში უამრავი მოყვავილე თუ სუროს ჯიშის მცენარეს ნახავთ, რომლებიც უკვე ქოთნებშია გამზადებული. ბევრის სახელიც არ იცის, უფრო ბევრის _ კი. მარადმწვანე ხამისაპირისს, ტუიას თუ სეფლერას ძალიან კარგი გასავალი აქვს. ბევრს მუშაობს ვარდების სახეობებზე, რადგან მოთხოვნა დიდია როგორც ხვიარა, ისე ჩვეულებრივ, დაბალ თუ დეკორატიულ ჯიშებზე.
ქალბატონი ლუიზა შერეულად არ ათავსებს ერთწლიან და მრავალწლიან ყვავილოვნებს. შემოდგომის დასაწყისში მრავალწლიანებს: მიხაკებს, ლავანდებს, ლომისპირებს, ხავერდოვანებს თესავს და ადრე გაზაფხულზე ქოთნებში გადააქვს. ბუნების გაღვიძებისთანავე უკვე აყვავებული გააქვს ბაზარზე და კლიენტსაც იზიდვს. ერთწლიანებს კი პირიქით, გაზაფხულზე თესავს ადა მალე უკვე ნერგები ღია გრუნტში გადააქვს. ასეთ ჯიშებს უამრავი მყიდველი ჰყავს, ღია აივნების თუ კარმიდამოებში დასარგავად.
_ ჯანმრთელობას თუ შევთხოვ უფალს, როგორც ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მე ცხოვრებას ამ ყვავილებთან ერთად მილამაზებს. ხედავ, რომ მარტო მე კი არ მიყვარს, ადამიანთა უმრავლესობა ყვავილებს ელოლიავება. რომ არა ისინი, რა ფასი ექნებოდა ჩემს შრომას და თავდადებას? _ ჩვეულებრივი, იმერული თავაზიანობითა და გულღიაობით საუბრობს ქალბატონი ლუიზა, _ ერთი დღეც არ არის ისეთი, ერთი ძირი მცენარე მაინც რომ არ გადავრგო. რომ არ სჭირდებოდეს, ადგილს მაინც მოვუცვლი, ვერ ვისვენებ, თუ ყოველდღე არ შევეხე, რაღაც მიზიდავს და კარგად ვერც აგიხსნით, ეს რა ძალაა…
ლუიზა ფანცულაია 7 ათას კვ.მეტრ საკარმიდამო ნაკვეთს ფლობს, თხილსაც იწევს და სიმინდსაც.
ახლა განსაკუთრებით ზრუნავს ყვავილებისთვის ნოყიერი მიწის შერჩევასა და მომზადებაზე. ძირითადად ცხენისწყლის სილას, ნაკელს და ჩვეულებრივ მიწას იყენებს, რასაც მერე მხოლოდ ბიოსასუქებით ანოყიერებს: _ მაქვს ისეთი ყვავილებიც, სატაცური, ვარდი, არტიშოკი თუ ჟასმინი, რომელიც საკვებადაც გამოიყენება. წავიკითხე, არის ეროვნებები, ვინც იის სალათებს თუ თოვლის დნობის შემდეგ პირველმოყვავილე მცენარეებს მიირთმევს. ასეთი კლიენტი რომ შემხვდეს, ხომ არ მოვატყუებ? _ გვეუბნება ის და უახლოესი მომავლის გეგმებს, ძირითადად, ისეთი მიმართულებით განგრძობაში ხედავს, როგორითაც დღემდე იმუშავა.
სურვილი აქვს, ნებისმიერი ყვავილების ტრფიალს გაუზიაროს, რა გამოცდილებაც გააჩნია. არ ასაიდუმლოებს ყვავილების გახარების წესებს, საკუთარი უნარით და დაკვირვებით მიგნებულს _ ასე უფრო წარმატებული ვიქნები და მჯერა, ჩემს მიმართაც ადამიანთა კეთილგანწყობა მუდამ მოიმატებსო.
უნდა დავუჯეროთ, რადგან საკუთარი ცხოვრების წესით, მისი მონაპოვარი სწორედ ადამიანთა უსაზღვრო კეთილგანწყობაა.