აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გიორგი შანშიაშვილი დახმარებას ითხოვს.
ის 1993 წელს საბრძოლო მოქმედების დროს მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის პარალელურად დაინფიცირების პროცესი დაეწყო, რაც განგრენაში გადაიზარდა.
როგორც შანშიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას გერმანიაში სამკურნალოდ წასასვლელად საჭირო თანხა არ აქვს _ მკურნალობის კურსის გავლისთვის 12 300 ევრო სჭირდება.
„პროფესიით ჟურნალისტი ვარ და 1993 წელს, ომის დაწყების პირველივე დღეს წავედი აფხაზეთში _ მინდოდა ეს ისტორიული ფაქტი დამეფიქსირებინა. შემდეგ კი, „მხედრიონის“ ბრიგადის საომარ ქმედებებში მოხალისედ ჩავერთე და გამჭოლი ჭრილობა მივიღე. მკურნალობის მიუხედავად, 2 წლის შემდეგ ტკივილები დამეწყო. ექიმთან მისვლისას ვფიქრობდი, რომ ტკივილგამაყუჩებელ აბებს დამინიშნავდა, მაგრამ მითხრა, რომ განგრენა გაქვს და თუ 2 თვეში ოპერაციას არ გაიკეთებ, დაიღუპებიო. წარსულში მეზღვაური ვიყავი, რის გამოც, ძლიერი ორგანიზმი აღმომაჩნდა და დაავადება ადვილად ვერ მომერია“, _ ამბობს შანშიაშვილი.
ამბობს, რომ ქვეყანაში მაშინ კრიზისი იყო და სამკურნალოდ ამერიკაში წასასვლელად საცხოვრებელი სახლი გაყიდა:
„ფსიქოლოგიური შოკიდან გამოსვლის შემდეგ სამკურნალოდ ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე. ქვეყანაში კრიზისი იყო და ოპერაციის გასაკეთებლად საკუთარი საცხოვრებელი სახლი გავყიდე. ამჟამად დებთან ერთად ვცხოვრობ“, _ ამბობს ის.
მისივე თქმით, მთავრობა ოპერაციებს უფინანსებს, მაგრამ დაფინანსების მოსაპოვებლად საჭირო პროცესი დროში ძალიან:
„ეს ისეთი დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება. მთავრობა ოპერაციას აფინანსებს, მაგრამ ეს პროცესი დროში ძალიან იწელება, რაც უკვე მიღწეულ შედეგებს ანადგურებს და ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვაც თავიდან მიწევს“, _ ამბობს შანშიაშვილი, რომელსაც ექიმებმა რამდენიმე წლის წინ, განგრენის გარდა სხვა დიაგნოზიც დაუსვეს:
„დაახლოებით 3 წლის წინ მითხრეს, რომ განგრენის გარდა, სხვა დაავადებაც განმივითარდა, მაგრამ ვერ დაადგინეს, რა დაავადება იყო ეს და გამოსაკვლევად გერმანიაში დამჭირდა წასვლა. იქ ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა, რომ მოსკოვშიც შეიძლებოდა ამ დაავადების მკურნალობა.
გერმანიიდან, რომ წამოვედი, გზაში ჭრილობები გამეხსნა. მარცხენა ფეხის ამპუტაცია უკვე გაკეთებული მქონდა. დაავადება მარჯვენაზეც გავრცელდა და გერმანიიდან წამოსულს, თურქეთში მარჯვენა ფეხის თითები მომაჭრეს. საქართველოში დაბრუნებულმა ისევ მივმართე ხელისუფლებას, რომ მოსკოვში ჩემი მკურნალობა დაეფინასებინათ. 3 თვე იქ გავატარე. ექიმებმა მითხრეს, რომ ამ დაავადებას წელიწადში 2-ჯერ გეგმიური მკურნალობა ესაჭიროება“, _ ამბობს შანშიაშვილი.
მისივე თქმით, მარტში, „ავერსის’ კლინიკაში კვლევა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა სასწრაფოდ ესაჭიროება, თუმცა, წასასვლელად საჭირო თანხა არ აქვს:
„5 ივნისს შევიტანე საბუთები ჯანდაცვის სამინისტროში, შემდეგ დავრეკე და მითხრეს, რომ საქმე განხილვაში იყო, არადა, უკვე 3 თვე იყო გასული. მივმართე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. სახალხო დამცველის აპარატიდან წერილობით მივიღე შეტყობინება მხოლოდ იმის შესახებ, რომ ჩემი წერილი მიიღეს. მივმართე წერილობით პრემიერ-მინისტრს, ასევე, ელექტრონული ფოსტით დავუკავშირდი ქვეყნის პრეზიდენტსაც. მათგან მივიღე პასუხი, რომ ჩემი საქმე ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნეს, თუმცა, უწყებაში საბუთები 4 თვის წინ პირადად შევიტანე.
გამოდის, რომ საქართველო ჩემზე, ომის ვეტერანზე, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე უარს ამბობს. მაშინ მეც უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე და იძულებული გავხდები მივმართო თბილისში აკრედიტირებულ საელჩოებს, საკონსულოებს, ევროსაბჭოს, გაეროს წარმომადგენლობას“, _ ამბობს ვეტერანი.
როგორც „გურია ნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, გიორგი შანშიაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარად რეგისტრირებულია 2006 წლიდან:
„გიორგი შანშიაშვილმა მოგვმართა მრავალჯერ და სამსახურმა მას არა ერთხელ გაუწია დახმარება, ასევე, დააყენა შუამდგომლობები სხვა უწყებებთან.
მაგალითად, 2015 წელს მან მიიღო 2 442 ლარი ნაწილობრივ პროტეზირებისთვის პლუს ჯანდაცვის მიერ გაწეული დახმარება;
2015 წელსვე 8 887ლარი პროტეზირება _ მაღალი ხარისხის;
2016 წელს 2 500 ლარი _ საზღვარგარეთ მკურნალობა;
2017 წელს მედიკამენტები _ 224 ლარი.
წელს შანშიაშვილმა მოგვმართა დედაქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობის გაწევისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა _ გაეწია აღნიშნული შუამდგომლობები“, _ ამბობენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ „2017 წლის განმავლობაში უწყებას მიმართა 3 432 ბენეფიციარმა დაფინანსების მოთხოვნით; შუამდგომლობა გაეწია 1 870 ბენეფიციარს როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან; 1 534 ბენეფიციარის დაფინანსების საკითხი გადაწყდა კომისიის მოკვლევის შემდეგ; 15 განცხადება განხილვის პროცესშია, ხოლო 87 შეჩერებულია დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო.
სარიტუალო თანხა გადაეცა 411 გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს.
კომისიური წესით სამედიცინო მომსახურებასა და გარდაცვლილთა სარიტუალო სამსახურისთვის გაწეულმა საერთო ხარჯმა შეადგინა 818 759 ლარი.
931 ვეტერანისთვის მედიკამენტებისათვის გაცემული თანხაა 240 863, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება (ოპერაცია, კვლევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, რეაბილიტაცია) დაუფინანსდა 603 ვეტერანს, რომლის საერთო თანხაა 372 396 ლარი“.
თუმცა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, თუ რამდენი მებრძოლი დაბრუნდა აფხაზეთის ომიდან ვეტერნის სტატუსით და რამდენია დღეს ცოცხალი, გარდა ამისა, სულ რამდენი პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირებია საქართველოში უწყებაში არ უპასუხეს და განმარტეს, რომ „აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას ჭირდება შესაბამისი წვდომა, დრო და ნებართვები“, შესაბამისად დაუყოვნებლივ ვერ გვიპასუხებდნენ.
„გურია ნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა იმის გასარკვევად, თუ რა დრო სჭირდება მსგავსი საქმეების განხილვას, რამდენად არის შესაძლებელი დაუფინანსდეს მკურნალობის ხარჯები აფხაზეთის ომის ვეტერანს, გარდა ამისა, მიიღო თუ არა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შუამდგომლობები. უწყებაში გვიპასუხეს, რომ საკითხს მოიკვლევდნენ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში პასუხი არ გაუციათ.
მას შემდეგ რაც „გურია ნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროს გიორგი შანშიაშვილის საქმის შესახებ კითხვებით მიმართა, ვეტარანმა უწყებიდან 5 900 ლარის ჩარიცხვის შესახებ სმს შეტყობინება მიიღო, რაც გერმანიაში სამკურნალოდ გასამგზავრებლად საკმარისი არაა. ასე რომ, მისი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.
ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ამ დაფინანსების მიღების შესახებ „გურია ნიუსს“ თავად გიორგი შანშიაშვილმა შეატყობინა და გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის წევრებთან შეხვედრა სურს:
„როდესაც ევროპული და ნატოს წევრი ქვეყნების მეომარი იჭრება და კარგავს შრომის უნარს, ეს ქვეყნები სრულად უზრუნველყოფენ მკურნალობას წლების განმავლობაში და ვეტერანის სოციალური და კულტურული ცხოვრების პირობებს.
როდესაც თბილისელი, ქართველი შორეული ნაოსნობის მეზღვაური ჩამოდის სამშობლოში, იჭრება ომში, ჭრილობა გადასდის განგრენაში, შემდეგ კარგავს ფეხს, შრომის უნარს და სასიცოცხლოდ აუცილებელი გეგმიური მკურნალობისთვის სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა 4 თვის დაგვიანებით 12 300 ევროს ნაცვლად 2 000 ევროს აძლევს, რომელ ევროპაზე და ნატოზეა ლაპარაკი?!
აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს მოქალაქე 1957 წლიდან, ვითხოვ ჯანდაცვის კომისიის წევრებთან შეხვედრას საკითხის გასარკვევად,“ _ ამბობს შანშიაშვილი.