ჩვენს კითხვაზე _ რამდენად რეალურია პარტიის თავმჯომარეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის პოსტი ჩაიბაროს? _ მმართველი გუნდის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტად არ მოიაზრებს. მისი თქმით, ივანიშვილისთვის ეს თანამდებობა არაკომფორტულია.
,,პრეზიდენტის ფუნქცია ისეთია, რომ მეცოდება კიდეც ბატონი ბიძინა პრეზიდენტობისთვის. ის აქტიური ადამიანია, სხვანაირი ცხოვრება უყვარს. მე ვერ ვხედავ მას პრეზიდენტად და თვითონაც ვერ ხედავს საკუთარ თავს“, _ განაცახადა ჭკუასელმა
ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარე“ სიმონ ნოზაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას ვერ აკონკრეტებს იქნება თუ არა მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, ამობობს, რომ ივანიშვილის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნას დაუჭერს მხარს.
,,გუშინ საპრეზიდენტო კანდიდატზე მხოლოდ ის ითქვა, რომ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, ვის დაასახელებენ. არამგონია, რომ ბატონ ბიძინაზე იყოს საუბარი. ბატონმა ბიძინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სპექტრში არსებული სიტუაცია მოითხოვს დავბრუნდეო და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. რა იქნება შემდეგ, რომელ სახელმწიფოებრივ თანამდებობას დაიკავებს, ვერ გეტყვით, მაგრამ შეხვედრის დროს ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ვერც ვიგრძენი, რომ ბატონი ბიძინა თავის თავს მოიაზრებს პრეზიდენტის თანამდებობაზე. მე მის ყოფნას ნებისმიერ თანამდებობაზე მივესალმები. ის არის ეროვნული ლიდერი და ხალხს მისი იმედი აქვს“, _ გვითხრა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა, დაახლოებით, 5-წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ამასთან, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი წარადგინოს. ამ ეტაპზე ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანიდატი ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ წარუდგენია.