“ბათუმელების” ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა.
„ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ – არსებული მონაცემებით 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო.
„გვითხრეს, რომ სპეციალისტების პასუხი მალე იქნება“ – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვანაში. მისი თქმით, მეწყრული პროცესი არ განახლებულა 25 დეკემბრის შემდეგ.
შუახევში, ისევე როგორც აჭარის ბევრ მაღალმთიან სოფელში, დღეს, 27 დეკემბერს, თოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალოა.






























































