ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. – ს და ლ.ზ. – ს მკვლელობა.
სამართალდამცველებმა მ.ზ. 2017 წლის 09 აპრილს დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.