ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ სასულიერო პირები არჩევნებზე მხარს რომელიმე კონკრეტულ ძალას დაუჭერენ, „დღეს არსებული მეორე ძალა მთავარი ოპოზიცია აღარ იქნება“
“მე საერთოდ ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია. ჩატარდა არჩევნები იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ეგენი გამოგვერჩია, სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ. ამაზე მოვა დრო და ყველას პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გაქვს, არაფერი არ გვაქვს და მტრობაა, ქვეყნის მტრობაა, რაც ხდება. ეკლესიაზე ეს რაც ხდება, რომელი პარტიული ტელევიზიები გვიტევენ ხოლმე, ხომ კარგად იცით?! რას გავს! ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენს გარეშე რას გააკეთებთ. რომელიმეს ავტორიტეტი აქვს თუ რა აქვს?! ხალხს უყვართ თუ რა?! მე ციხეში დაჭერა არავის არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან… მსოფლიოში პოლიტიკოსებს ბევრს ვიცნობ, ამათ პოლიტიკოსობის ვერ ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას
ხელახალი არჩევნები, რომ ჩატარდეს რა გგონიათ მარტო ამ ძალებს დავტოვებთ, ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს. პოლიტიკაში გათვლებიც არ იციან. ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. კარგად გადახედეთ რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით. ანუ მეორე ძალა ეხლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება ეს მთავარი ოპოზიცია. ჩვენ თუ დავუჭერთ [მხარს] დღეს მოქმედს არავის. უფსკრულში საქართველოს არ გადავაჩეხინებთ არავის. ქვეყნის ღალატს თავი გაანებონ. ხალხის გამომყვანი ოპოზიცია რომ არ არის, რამდენი ხანია წვალობენ, ჯახირობენ. თუ გამოიყვანენ, 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, პასუხისმგებლობა მაგათ ეკისრებათ რაზე გეტყვით, საწყალ ბავშვებს თვალებიც დაეთხარათ, არც ერთ პოლიტიკოსს არაფერი არ მოსვლია”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, „საუბრობენ, რომ პატრიარქი პრორუსულმა მღვდელმთავრებმა უნდა გადააყენონ“.
„ეჭვი ვისზე აქვთ? უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ, ვისზე ამბობენ? პრორუსულები კი არა, რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს, თვითონ არიან“– განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.