ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან ძალიან ცოტა დაფინანსებას იღებს.
“საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად მეტი აქვს და ითვლება, რომ მისი დაფინანსება არის მიზერული… ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო, ეს არის კონსტიტუციური შეთანხმება. ოღონდ, 25 მლნ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა”, – თქვა მან.
მიტროპოლიტმა თქვა, რომ ნახევარი მილიონი აქვს ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრისთვის და “ვალებში იხრჩობა”.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ძვირადღირებულ მანქანის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს კი თქვა, რომ 42 ათასდოლარიანი მანქანა 2006 წელს მას პატიოსანმა ადამიანმა შესწირა.
ცნობისთვის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაში. ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.